გიორგი ქადაგიშვილი - საქმე როგორც კი კონკრეტულ ნაბიჯებსა და ქმედებაზე მიდის, ოპოზიციის მხრიდან პირდაპირ, დაუფარავ საბოტაჟს ვხედავთ
გიორგი ქადაგიშვილი - საქმე როგორც კი კონკრეტულ ნაბიჯებსა და ქმედებაზე მიდის, ოპოზიციის მხრიდან პირდაპირ, დაუფარავ საბოტაჟს ვხედავთ

საქმე როგორც კი კონკრეტულ ნაბიჯებსა და ქმედებაზე მიდის, ოპოზიციის მხრიდან პირდაპირ, დაუფარავ საბოტაჟს ვხედავთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ქადაგიშვილმა კომენტარი გააკეთა იმასთან დაკავშირებით, რომ ქართული ოპოზიციისა და უკრაინის დელეგაციის უარის გამო „ევრონესტის“ ასამბლეაზე საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპულ პერსპექტივაზე რეზოლუციის ინიცირება ვერ მოხერხდა.

მისი თქმით, დიდი ხანია, რაც უკრაინას დამოკიდებულება აქვს საქართველოს მიმართ, რომ საქართველო უნდა იყოს უკრაინის ინტერესების გამტარებელი. რაც შეეხება ოპოზიციას, ქადაგიშვილის განცხადებით, ისინი ქვეყნის საწინააღმდეგოდ მოქმედებენ.

„საუბარი იყო არა მხოლოდ საქართველოზე, არამედ საქართველოზე, მოლდოვასა და უკრაინაზე. დიდი ხანია, რაც უკრაინას დამოკიდებულება აქვს საქართველოს მიმართ, რომ საქართველო უნდა იყოს უკრაინის ინტერესების გამტარებელი, თან იმ დონეზე, რომ მათი მოწოდებები უნდა შევასრულოთ და აქ, ფაქტობრივად, მეორე ფრონტი უნდა გაგვეხსნა რუსეთის წინააღმდეგ. რაც შეეხება ოპოზიციას, ისინი ქვეყნის საწინააღმდეგოდ მოქმედებენ. ისინი თავიდან ბოლომდე გარედან არიან მართული და გარე ინტერესებს ატარებენ. მათი პოლიტიკური წარმატება მხოლოდ გარედან მხარდაჭერაზეა დამოკიდებული. ამ შემთხვევამ პირდაპირ დაგვანახა, რომ მათი მიზანი ევროინტეგრაცია არ არის და ეს მათი მხრიდან პოლიტიკური სპეკულაციებისთვის არის გამოყენებული. როგორც კი საქმე მიდის კონკრეტულ ნაბიჯებსა და ქმედებაზე, მათი მხრიდან პირდაპირ დაუფარავ საბოტაჟს ვხედავთ“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.