გიორგი პატარიძე – პენიტენციური დაწესებულების დირექტორს ღარიბაშვილთან მიმართებით დამატებითი პაემნით წახალისებაზე სამართლებრივი აქტი არ გამოუცია და პაემანი ვერც ჩაინიშნებოდა და ვერც გაუქმდებოდა

17:41, 02.09.2026

სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე სიცრუეს უწოდებს განცხადებას, რომ ირაკლი ღარიბაშვილს წახალისების სახით ჩანიშნული ჰქონდა პაემანი, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო გაუქმდა.

როგორც პატარიძე განმარტავს, მსჯავრდებულ ღარიბაშვილს დაწესებულების დებულებით გათვალისწინებული პაემნების ლიმიტი სრულად აქვს ამოწურული.

„სამწუხაროდ, პენიტენციურ სამსახურს კიდევ ერთხელ გვიწევს განმარტების გაკეთება მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილის ვითომდა გაუქმებულ პაემანთან დაკავშირებით. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს არის მტკნარი სიცრუე, გამომდინარე იქიდან, რომ მას სრულად აქვს №12 პენიტენციური დაწესებულების დებულებით გათვალისწინებული პაემნების ლიმიტი ამოწურული“, – განაცხადა გიორგი პატარიძემ.

მისივე თქმით, მსჯავრდებულ ღარიბაშვილთან დაკავშირებით დაწესებულების დირექტორს არც დამატებითი პაემნით წახალისების თაობაზე გამოუცია სამართლებრივი აქტი, შესაბამისად, პაემანი არც ჩანიშნულა და არც გაუქმებულა.

„აქვე განვმარტავ, რომ დაწესებულების დირექტორს სრული უფლება აქვს, გამოსცეს შესაბამისი სამართლებრივი აქტი მსჯავრდებულის პაემნით წახალისებასთან მიმართებაში, თუმცა ამ შემთხვევაში მსგავსი აქტი გამოცემული არ ყოფილა და, შესაბამისად, ვერც პაემანი ვერ იქნებოდა ჩანიშნული“, – განაცხადა გიორგი პატარიძემ.

გიორგი პატარიძის თქმით, მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ არასწორი ინფორმაციის გავრცელებისგან.

შეგახსენებთ, საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პენიტენციურ დაწესებულებაში მოინახულა. როგორც იოსელიანმა პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, გაეცნო საპატიმროში ირაკლი ღარიბაშვილის პირობებს და ესაუბრა იმ საკითხებზე, რაც ეხება ჯანმრთელობას, კვებას და პაემანს. ლევან იოსელიანის განმარტებით, ირაკლი ღარიბაშვილს საპატიმრო პირობებზე, ადმინისტრაციის მხრიდან მოპყრობაზე არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამს. ლევან იოსელიანის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილმა მას განუცხადა, რომ შეთანხმებული იყო წამახალისებელი, გრძელვადიანი პაემანი, რომელიც შემდგომ გაუქმდა.

მსგავსი