გიორგი ნონიაშვილი - ახლა კავშირი არ მაქვს „სირცხვილიასთან“, მაგრამ მაქვს საკუთარი წარსული, სამოქალაქო აქტივიზმის მიმართულებით ვმუშაობდი, მათ შორის ამ ორგანიზაციაში
გიორგი ნონიაშვილი - ახლა კავშირი არ მაქვს „სირცხვილიასთან“, მაგრამ მაქვს საკუთარი წარსული, სამოქალაქო აქტივიზმის მიმართულებით ვმუშაობდი, მათ შორის ამ ორგანიზაციაში

პრობლემა ის კი არ არის, რომ დამკვირვებლებს აქვთ პოლიტიკური სიმპატიები, პრობლემა იმაშია, რომ „ქართული ოცნება“ საკუთარი საარჩევნო კომისიის წევრებს აკომპლექტებს უშუალოდ „ქართული ოცნების“ წევრებით და კოორდინატორებით, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა გიორგი ნონიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამჟამად ორგანიზაცია „სირცხვილიასთან“ არანაირი კავშირი არ აქვს, თუმცა დასამალი არ არის, რომ წლების განმავლობაში ადამიანის უფლებების დაცვის და სამოქალაქო აქტივიზმის მიმართულებით მუშაობდა, მათ შორის ამ ორგანიზაციაში.

„პრობლემა ის კი არ არის, რომ დამკვირვებლებს გააჩნიათ პოლიტიკური სიმპატიები და „ქართული ოცნება“ საუბრობს, რომ აი, იპოვა ვიღაც დამკვირვებლები, რომლებიც „ფეისბუქზე“ საკუთარ პოლიტიკურ სიმპატიას ღიად აფიქსირებენ. პრობლემა იმაშია, რომ „ქართული ოცნება“ ღიად საკუთარი საარჩევნო კომისიის წევრებს აკომპლექტებს უშუალოდ „ქართული ოცნების“ წევრებით და კორდინატორებით. აი, ეს არის პრობლემა და არა ის, რომ თავისუფალ მოქალაქს, რომელიც შეიძლება, დამკვირვებელი იყოს საარჩევნო უბანზე, შეიძლება პოლიტიკური სიმპატია ჰქონდეს.

„ქართულ ოცნებამ“ ჩემზეც ისაუბრა, თითქოს მე ვარ კავშირში ერთ-ერთ ორგანიზაციასთან – „სირცხვილიასთან“. მათგან განსხვავებით, მეც და ბევრ ადამიანს გვაქვს საკუთარი წარსული და საკუთარი რეპუტაცია. მე წლების განმავლობაში ადამიანის უფლებების დაცვის და სამოქალაქო აქტივიზმის მიმართულებით ვმუშაობდი, მათ შორის ამ ორგანიზაციაში. ახლა, ცხადია, იმ წესს ვიცავ, რომ არანაირი კავშირი არ მაქვს არც ამ არასამთავრობო ორგანიზაციასთან და არც სხვა ჩემ მიერ დაფუძნებულ ორგანიზაციებთან, მაგრამ არ არის დასამალი ის, რომ ადამიანი წინა წლებში, ვიდრე პოლიტიკურ საქმიანობაში ჩაერთო, მუშაობდა სხვადასხვა ორგანიზაციაში. საჯაროა და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, ნახოს, რომ სხვადასხვა ორგანიზაციის დამფუძნებელი გახლავართ წლების განმავლობაში, უკანასნკელი 10 წლის განმავლობაში“, – განაცხადა გიორგი ნონიაშვილმა.

რაც შეეხება კითხვას, „რატომ ფიქრობს „ქართული ოცნება“, რომ დამკვირვებელი ემზადებიან პროვოკაციებისა და უბნებზე არეულობისთვის“, – გიორგი ნონიაშვილის თქმით, „ქართული იცნების“ დღის წესრიგი არის საკმაოდ ბინძურად ოპონენტების კომპრომიტირება.

„წინა დღეების განმავლობაში ვხედავთ იგივე ნარკოტესტირებით პროპაგანდირებას და პოლიტიკური ოპონენტების ამ გზით გაფუჭებას. ახლა საუბარი არის, რომ დამკვირვებლებს შეიძლება ჰქონდეთ პოლიტიკური სიმპატია სხვადასხვა უბნებზე და მოლოდინებს უქმნიან ამომრჩეველს, რომ ეს არის რაღაც საფრთხის შემცველი. სინამდვილეში, ეს ყველაფერი არის მოწმენდილ ცაზე რაღაც ტყუილების ძებნა“, – აღნიშნა გიორგი ნონიაშვილმა.

საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ განცხადებებზე, რომ ოპოზიცია რეალურად ემზადება არა არჩევნებისთვის, არამედ 3 ოქტომბრისთვის, ნონიაშვილი აღნიშნავს, რომ „პოლიტიკური პარტიები, მათ შორის „ევროპული საქართველო“ საარჩევნო კამპანიას აწარმოებს ისე, როგორც მას მიაჩნია სწორად“.

„ქართული ოცნების“ გადასაწყვეტი არ არის, ეს არის საჩვენოდ კარგი კამპანია, თუ ცუდი, ამას ამომრჩეველი გადაწყვეტს და არა ვინმე გივი მიქანაძე, რომელიც წარმოდგენა არ მაქვს, ვინ იყო აქამდე“, – განაცხადა გიორგი ნონიაშვილმა.

შეგახსენებთ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ დღეს განცხადა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ჩატარებული არჩევნებიდან მიღებული გამოცდილება ნათელს ხდის, რომ არჩევნებს ნეიტრალურ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, აკვირდებიან ისეთი არასამთავრობო ორგანიზაციებიც, რომლებიც პირდაპირ აფილირებული არიან სხვადასხვა პოლიტიკურ სუბიექტთან. მიქანაძის განმარტებით, მათი საფუძვლიანი ვარაუდით, 15 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია პირდაპირ კავშირშია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და „ევროპულ საქართველოსთან“, საიდანაც ფინანსური მხარდაჭერა აქვთ.