გიორგი ნემსაძე - უნდა ავიკაპიწოთ ხელები და ერთად დავიწყოთ განვითარებისთვის მუშაობა #1TVSPORT
გიორგი ნემსაძე - უნდა ავიკაპიწოთ ხელები და ერთად დავიწყოთ განვითარებისთვის მუშაობა #1TVSPORT

ვეტერანი „ბორჯღალოსანი“, საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი და ამჟამად ქუთაისის „აიას“ მწვრთნელი გიორგი ნემსაძე ბოლო პერიოდში ქართულ რაგბიში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ახლა დაპირისპირების ნაცვლად საქმის კეთების დრო არის.

„რაც შეეხება რაგბის კავშირში განვითარებულ მოვლენებს. როგორც იცით, უკვე გადაწყვეტილია და ბატონი იოსებ ტყემალაძე გახდა პრეზიდენტი. ახლა საქმე არის გასაკეთებელი. ამ დაძაბულობამ, ბოლო ორი წლის მანძილზე და მანამდეც, კრიზისული პერიოდი შექმნა, შესაბამისად, რაგბის და საქართველოს ნაკრებს ზიანი მიადგა.

მე ვთვლი, რომ არ არის ამდენი დაძაბულობა საჭირო. ახლა უნდა ვეცადოთ, რომ ყველამ ავიკაპიწოთ ხელები და დავიწყოთ განვითარებისთვის ერთად მუშაობა. თუკი ყველაფერი ამ რეჟიმში გაგრძელდება, ეს კიდევ უფრო დიდ პრობლემებს გამოიწვევს ჩვენი საყვარელი ნაკრებისთვის და მთლიანად ქართული რაგბისთვის. ჩვენ გავაკეთეთ სოსო ტყემალაძეზე არჩევანი, იმიტომ, რომ ეს ადამიანი ჩამოვიდა ქუთაისში, დაგველაპარაკა, კონკრეტულად აგვიხსნა რა მიზნები და ხედვები ჰქონდა, რის გაკეთებას აპირებს ქართული რაგბისთვის და ამის გამო დავუჭირეთ მხარი.

პირველ რიგში, რაც უმთავრესია ქართული რაგბის განვითარებისთვის, არის ფრანჩიზა და მე სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ. ეს ადამიანი გვპირდება, რომ ფრანჩიზის შექმნაში დიდ ძალისხმევას ჩადებს. ამ შემთხვევაში ჩვენი ხედვა ერთმანეთს დაემთხვა და ამიტომაც მიიღო ჩვენი მხარდაჭერა.  ყველას თავისი არჩევანი აქვს, თუმცა ერთ რამეს ვიტყოდი – ახლა ყველამ ერთად ქართული რაგბის საქმე უნდა გავაკეთოთ,“ – განაცხადა გიორგი ნემსაძემ „აია არენაზე“ ჟურნალისტებთან საუბრისას.