გიორგი მუმლაძე - რატი ბრეგაძეს უნდა ვუთხრათ, როგორც პოლიტიკური, ისე სამართლებრივი პასუხისგება მოუწევს, რომ არ გადადგა ქმედითი ნაბიჯი და არ გადაარჩინა მესამე პრეზიდენტის სიცოცხლე
გიორგი მუმლაძე - რატი ბრეგაძეს უნდა ვუთხრათ, როგორც პოლიტიკური, ისე სამართლებრივი პასუხისგება მოუწევს, რომ არ გადადგა ქმედითი ნაბიჯი და არ გადაარჩინა მესამე პრეზიდენტის სიცოცხლე

გუშინ უპრეცედენტო პოლიტიკური აქტი შედგა, კერძოდ, ევროკავშირის ელჩმა ევროკავშირის 27 ქვეყნის საპროტესტო ნოტა გადასცა საქართველოს მთავრობას და უთხრა, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას მიხედოს ხელისუფლებამ, რადგან უმძიმესია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი მუმლაძემ განაცხადა.

მისი თქმით, იუსტიციის სამინისტრო არის ვალდებული, გადადგას კონკრეტული ნაბიჯები და დაიცვას პატიმრის უფლებები და სიცოცხლე.

„რატი ბრეგაძეს უნდა ვუთხრათ, რომ მას როგორც პოლიტიკური, ისე სამართლებრივი პასუხისგება მოუწევს, რომ არ გადადგა ქმედითი ნაბიჯი და არ გადაარჩინა მესამე პრეზიდენტის სიცოცხლე“, – აღნიშნა მუმლაძემ.

ამასთან, გიორგი მუმლაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ რიგებში მყოფი ყველა ადამიანისთვის ამ ეტაპზე მთავარი გამოწვევაა მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენა და მისი თავისუფლებისთვის ბრძოლა.

„„ნაციონალური მოძრაობის“ ყველა წევრი, ვინც ღიად და გულწრფელად ამბობდა, რომ სააკაშვილის თავისუფლებისთვის ბრძოლაა მნიშვნელოვანი, მათგან ველოდები სწორედ სააკაშვილის თავისუფლებისთვის ბრძოლას. ძალიან მნიშვნელოვანია ერთიანობა, თუმცა ნებისმიერი ადამიანის ბრძოლა მიშას თავისუფლებისთვის არის დასაფასებელი“, – განაცხადა მუმლაძემ.