გიორგი მუმლაძე - არ ვიზიარებთ და ვემიჯნებით ნებისმიერ ქმედებას, რომელიც მიმართული იქნება სამოქალაქო მშვიდობის დარღვევისკენ
გიორგი მუმლაძე - არ ვიზიარებთ და ვემიჯნებით ნებისმიერ ქმედებას, რომელიც მიმართული იქნება სამოქალაქო მშვიდობის დარღვევისკენ

ჩვენ არ ვიზიარებთ და ვემიჯნებით ნებისმიერ ქმედებას, რომელიც მიმართული იქნება სამოქალაქო მშვიდობის დარღვევისკენ, – ამის შესახებ  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატმა, გიორგი მუმლაძემ მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში მყოფი მხარდამჭერების მუქარის შემცველ განცხადებაზე კომენტარისას აღნიშნა.

მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ უნდა ესმოდეს, რომ საქართველოში შეუძლებელია, იყოს სტაბილური პოლიტიკური გარემო, თუ მიხეილ სააკაშვილს მოკლავენ ციხეში.

„შეიძლება, ათასობით ადამიანი მიჭერს მხარს და დიდი მადლობა ამისთვის, ხოლო მათ აზრებს მე ვერ გავფილტრავ. რასაც ვიზიარებ და ვამბობ, ყოველთვის საჯაროდ ვაფიქსირებ. ქვეყანაში უნდა მოხდეს დემოკრატიული პროცესის მაქსიმალური ხელშეწყობა, რათა საქართველო ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი გახდეს. ამისთვის საჭიროა რუსი ოლიგარქის დამარცხება. ყოველგვარ ძალადობრივ და მსგავს საკითხებს გამოვრიცხავ, ვემიჯნები. არ ვიცი, რა იგულისხმა ადამიანმა, რომელმაც რაღაც ვიდეო გაავრცელა. თუ მას ჰკითხავთ, გიპასუხებთ, რას გულისხმობდა. ნებისმიერ ისეთ ქმედებას, რომელიც მიმართული იქნება სამოქალაქო მშვიდობის დარღვევისკენ, ბუნებრივია, ჩვენ არ ვიზიარებთ და ვემიჯნებით.

„ქართულ ოცნებას“ უნდა ესმოდეს, რომ საქართველოში შეუძლებელია იყოს სტაბილური პოლიტიკური გარემო, თუ მიხეილ სააკაშვილს მოკლავენ ციხეში. ამას ღიად ვამბობ, ხოლო ქმედებებს, ვინ რას იტყვის ამაზე, მე ვერც გამოვეკიდები, ვერც შევაფასებ. მშვიდი, სტაბილური გარემო ნიშნავს, რომ ყველა „ოცნების“ წევრი შეწუხდება მაქსიმალურად და ვერ განახორცილებს თავის საქმიანობას ისე, როგორც ახლა დაპარპაშობენ, რადგან თუ ჩვენი ქვეყნის ლიდერს მოკლავენ, უნდა იცოდნენ, რომ ხელისუფლების შესაცვლელად ყველაფერს გავაკეთებთ. შესაძლოა, ეს იყოს საპროტესტო აქციები, მათ შორის მათ სახლებთან“, – განუცხადა გიორგი მუმლაძემ ჟურნალისტებს.

ამასთან, გიორგი მუმლაძის თქმით, მიაჩნია, რომ ნიკა მელია ვერ აკეთებს იმას, რასაც პარტიის თავმჯდომარე უნდა აკეთებდეს.

„ამ ადამიანებს კი არა, მეც მიმაჩნია, რომ მელია თავიდან ბოლომდე ვერ აკეთებს იმასაც, რასაც უნდა აკეთებდეს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე. ამიტომ გადავწყვიტე ამ არჩევნებში მონაწილეობის მიღება. ვამბობ, რომ უნდა შეიცვალოს, რათა „ნაციონალური მოძრაობის“ რესურსი გააქტიურდეს და მოხმარდეს რეალურ ბრძოლას რუსული რეჟიმის წინააღმდეგ. ზურაბიშვილის სახლთან გვაქვს უწყვეტი აქციები, ივანიშვილის სახლთანაც გვქონდა, ეს უფრო ინტენსიური იქნება. თავმჯდომარე თუ გავხდები, მაშინ პროტესტი უფრო მასშტაბური და შემაწუხებელი იქნება ყველა ლოკაციაზე, სადაც „ოცნების“ მაღალჩინოსნები ცხოვრობენ“, – აღნიშნა გიორგი მუმლაძემ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში მყოფმა მხარდამჭერებმა მუქარის შემცველი განცხადება გაავრცელეს. ნოდარ ყარალაშვილი საქართველოში „აფხაზეთიდან ტანკებით შემოსვლას“ აანონსებს. ვიდეომიმართვაში, რომელიც ყარალაშვილმა სააკაშვილის კიდევ ერთ მხარდამჭერთან, ჯაბა წულაძესთან ერთად ჩაწერა, კრიტიკა ისმის „ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედი ხელმძღვანელობის მიმართაც. ყარალაშვილი და წულაძე პარტიის წევრებს შიდაპარტიულ არჩევნებში გიორგი მუმლაძის მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ. მათი თქმით, ნიკა მელიამ სააკაშვილი საქართველოში მოტყუებით ჩამოიყვანა და ახლა პარტიის მოქმედი თავმჯდომარე ყოფილი პრეზიდენტის დასაცავად არაფერს აკეთებს.