მუქარის შემცველი განცხადება - გამოხმაურებები

მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში მყოფი მხარდამჭერები მუქარის შემცველ განცხადებას ავრცელებენ. ნოდარ ყარალაშვილი საქართველოში „აფხაზეთიდან ტანკებით შემოსვლას“ აანონსებს. ვიდეომიმართვაში, რომელიც ყარალაშვილმა სააკაშვილის კიდევ ერთ მხარდამჭერთან, ჯაბა წულაძესთან ერთად ჩაწერა, კრიტიკა ისმის „ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედი ხელმძღვანელობის მიმართაც. ყარალაშვილი და წულაძე პარტიის წევრებს შიდაპარტიულ არჩევნებში გიორგი მუმლაძის მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ. მათი თქმით, ნიკა მელიამ სააკაშვილი საქართველოში მოტყუებით ჩამოიყვანა და ახლა პარტიის მოქმედი თავმჯდომარე ყოფილი პრეზიდენტის დასაცავად არაფერს აკეთებს, ამ უმოქმედობაში კი, მათივე თქმით, მელიას ლევან ხაბეიშვილი და მისი გუნდი უჭერს მხარს. ყარალაშვილი გიორგი მუმლაძის სამოქმედო გეგმას ემხრობა და ამბობს, რომ ქვეყანაში მუდმივი საპროტესტო აქციებია საჭირო, ამისთვის კი ემიგრანტებს მისი ფინანსური მხარდაჭერისთვის მიმართავს.

„ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების მუქარის შემცველ ვიდეომიმართვას გამოხმაურება მოჰყვა პოლიტიკურ სპექტრში. „ნაციონალურ მოძრაობაში“ აბსურდულს უწოდებენ იმ ეჭვს, რომ ყარალაშვილი და წულაძე, შესაძლოა, პარტიის მიერ იყვნენ მართულნი. საპარლამენტო უმრავლესობაში კი აცხადებენ, რომ დესტაბილიზაციის მსურველები კანონის წინაშე სრული სიმკაცრით აგებენ პასუხს.