გიორგი მსხილაძე - პოლიტიკური ვეტო არ ნიშნავს, რომ უბრალოდ ამის სურვილი გვქონდა და დავადეთ, პრეზიდენტმა გარკვეული საფრთხეები დაინახა და კანონპროექტს ვეტო ამიტომ დაადო
გიორგი მსხილაძე - პოლიტიკური ვეტო არ ნიშნავს, რომ უბრალოდ ამის სურვილი გვქონდა და დავადეთ, პრეზიდენტმა გარკვეული საფრთხეები დაინახა და კანონპროექტს ვეტო ამიტომ დაადო

სამწუხაროდ, პარლამენტმა არ გაითვალისწინა არც პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები და არც ვენეციის კომისიის დასკვნა, შესაბამისად, ჩვენი მხრიდან ალოგიკური იქნებოდა აღნიშნულ კანონზე ხელის მოწერა, – ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ განაცხადა.

მისი თქმით, კონსტიტუციით არის განსაზღვრული, რომ როცა პრეზიდენტი კანონს ხელს არ აწერს, ხუთი დღის მას ხელს აწერს პარლამენტის თავმჯდომარე და კანონი ძალაში შედის.

„პოლიტიკური ვეტო არ ნიშნავს იმას, რომ უბრალოდ ამის სურვილი გვქონდა და დავადეთ. პრეზიდენტმა გარკვეული საფრთხეები დაინახა და კანონპროექტს ვეტო ამიტომ დაადო. ეს იგულისხმებოდა პოლიტიკურ ვეტოში, ასევე ვენეციის კომისიამ თავის დასკვნაში აღნიშნა კიდეც, რომ ნაჩქარევად იყო მიღებული, სამართლებრივი არგუმენტებიც იყო იქ მოყვანილი. თუ დასკვნას წაიკითხავთ იქ საუბარია შეუტყობინებლობაზე, რომ ადამიანმა შეიძლება ვერასდროს გაიგოს, უსმენდნენ თუ არა, რაც მისი ძირითადი უფლებაა“, – განაცხადა მსხილაძემ.

ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებულ კანონპროექტს, რომელსაც პრეზიდენტმა ვეტო დაადო, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ხელი დღეს მოაწერა.