გიორგი მშვენიერაძე - შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოცდის ჩაბარება მოუწევს
გიორგი მშვენიერაძე - შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოცდის ჩაბარება მოუწევს

ეს ჩვენი სახელმწიფოსთვის ტესტია, ლიბერალური დემოკრატიის მშენებლობის გზაზე ვდგავართ, თუ ფაშისტური სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ ხელმძღვანელმა, გიორგი მშვენიერაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“ განაცხადა.

„ეს ჩვენი სახელმწიფოსთვის ტესტია, ლიბერალური დემოკრატიის მშენებლობის გზაზე ვდგავართ, თუ ფაშისტური სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე, სადაც უმრავლესობები გადაწყვეტენ, უნდა ჰქონდეთ თუ არა კონკრეტულ ადამიანებს აზრის მშვიდობიანი გამოხატვის უფლება“, – განაცხადა მშვენიერაძემ.

მისი თქმით, დემოკრატიული სახელმწიფო მარტო უმრავლესობის მმართველობას არ ნიშნავს.

„ეს არ არის დემოკრატია. დემოკრატიულია სახელმწიფო, სადაც მართალია, ხელისუფლებას უმრავლესობა აკომპლექტებს, მაგრამ ხელისუფლება შეზღუდულია უმცირესობის და ადამიანის უფლებებითა და თავისუფლებებით. ამიტომ, შსს-ს გამოცდის ჩაბარება მოუწევს“, – განაცხადა მშვენიერაძემ.

როგორც მშვენიერაძემ აღნიშნა, კონსტიტუციაში არაორაზროვნად წერია, რომ ყველა ადამიანისთვის გარანტირებულია აზრის მშვიდობიანი გამოხატვა, იმის მიუხედავად, მოგვწონს თუ არა ის ჩვენ და ასევე კონსტიტუციითაა გარანტირებული შეკრება-მანიფესტაციის უფლება.

მშვენიერაძემ ასევე განაცხადა, რომ არ შეიძლება, კონსტიტუციით დაცული იყოს შეკრება-მანიფესტაცია, რომლის მიზანიც ძალადობაა და როდესაც ხელისუფლება საუბრობს, რომ მას გაუჭირდება, მშვიდობიანი შეკრება-მანიფესტაციის მონაწილეებს გარკვეული გარანტიები მისცეს, ეს მისი მხრიდან უსუსურობის გამოვლენაა.

მისივე თქმით, ძალადობა იმას არ გულისხმობს, რომ ადამიანები აუცილებლად ცეცხლსასროლი იარაღით უნდა იყვნენ შეიარაღებული. საუბარია იმაზე, რომ ადამიანებზე ფიზიკური ძალადობა არ უნდა მოხდეს.

„მნიშვნელობა არ აქვს, ეს შიშველი ხელებით იქნება, კომბალით, თუ ქამრით. ამიტომ, თუ კონტრაქციის მიზანი მეორე აქციის ჩაშლაა, ის თავისთავად აღარ არის მშვიდობიანი აქცია. იმიტომ, რომ მისი მიზანი არის არა საზოგადოებისადმი და ხელისუფლებისადმი განსხვავებული აზრის, იდეის და ხმის მიწვდენა, არამედ პირიქით, მეორე კონკრეტული აქციის მიერ აზრის მიტანისთვის საშუალების არმიცემა“, – განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.