გიორგი მშვენიერაძე - პირადად მე თუ მკითხავთ, უნდა ჩატარდეს თუ არა მსგავსი პრაიდი, ვფიქრობ, უნდა ჩატარდეს
გიორგი მშვენიერაძე - პირადად მე თუ მკითხავთ, უნდა ჩატარდეს თუ არა მსგავსი პრაიდი, ვფიქრობ, უნდა ჩატარდეს

თუ პირადად მე მკითხავთ, უნდა ჩატარდეს თუ არა მსგავსი პრაიდი, ვფიქრობ, დიახ, უნდა ჩატარდეს, – განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ ხელმძღვანელმა, გიორგი მშვენიერაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“.

„მე ყოველთვის ვემხრობოდი და ახლაც ვემხრობი ყველა ადამიანის უფლებას, რომ საკუთარი აზრი ისე გამოხატოს, როგორც თავად სურს. სწორი სტრატეგია არ უნდა იყოს ლოდინის რეჟიმში ყოფნა, როდის დადგება ის ნანატრი ჟამი, როცა მთელი საზოგადოების კონსენსუსი იარსებებს, რომ ადამიანები ქუჩაში გამოვიდნენ. დიახ, თუ ადამიანები თვლიან, რომ ქუჩაში უნდა გამოვიდნენ, საზოგადოებისთვის და სახელმწიფოსთვის სათქმელი აქვთ და დამალვა აღარ უნდათ, ამ ადამიანებს პატივი უნდა ვცეთ და ეს გამბედაობა უნდა დავუფასოთ“, – განაცხადა მშვენიერაძემ.

მისი თქმით, ჩვენი საზოგადოება, რომელიც აშენებს საერო სახელმწიფოს და სახელმწიფოს, რომელიც კანონის უზენაესობას, კონსტიტუციური წესრიგის პატივისცემას დაეფუძნება, პატივს უნდა სცემდეს კონსტიტუციას, რაც ჩვენი საზოგადოების ერთგვარი სოციალური კონტრაქტია, თითოეული მოქალაქის შეთანხმება.

„თუ ამ დოკუმენტიდან გავალთ და ვიტყვით, რომ ეს დოკუმენტი არ მოგვწონს და მას არ ვემორჩილებით, ესე იგი, არ ვემორჩილებით ხელისუფლებას და კანონებს, რომელიც სახელმწიფოში არსებობს და ვიწყებთ რაღაც ახალი, ალტერნატიული ერთეულების ფორმირებას, რაც რეალურად დაგვაბრუნებს იმ წარსულში, რომელშიც ასეთი გამოცდილება გვქონდა. ეს იყო 90-იანი წლების შუა პერიოდი და გვახსოვს, რა მოუტანა ასეთმა ქცევამ სახელმწიფოს“, – განაცხადა მშვენიერაძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ და რა პრევენციული ზომები უნდა იქნას მიღებული მანამდე და უშუალოდ მსვლელობის დღეს იმისთვის, რათა ვითარების ესკალაცია არ მოხდეს და ძალადობა თავიდან იქნას აცილებული, გიორგი მშვენიერაძემ განაცხადა, რომ თუ ხელისუფლებას წესრიგის დასაცავად რამე ზომის მიღება უნდა, საკუთარი ძალისხმევა მოძალადე ადამიანების წინააღმდეგ უნდა მიმართოს და არა მშვიდობიანი მანიფესტანტების წინააღმდეგ.

როგორც მშვენიერაძემ აღნიშნა, თუ სხვა ადამიანების მიერ კონსტიტუციურად გარანტირებული უფლებით სარგებლობაში ხელშეშლა მოხდება, ეს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულია და შემდეგ, ამ ადამიანებს სისხლის სამართლის წესით მოუწევთ პასუხისგება.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ ხელმძღვანელმა იმედი გამოთქვა, რომ ხელისუფლება ეფექტური იქნება და ის სრულად გაართმევს თავს პასუხისმგებლობას, რასაც ქართული საზოგადოების შეთანხმება, კონსტიტუცია აკისრებს.