გიორგი მშვენიერაძე - კობახიძემ პირობა მოგვცა, რომ ვენეციის კომისიის რამდენიმე რეკომენდაციას გაითვალისწინებს, რომელიც ემთხვევა ჩვენს ხედვებს
გიორგი მშვენიერაძე - კობახიძემ პირობა მოგვცა, რომ ვენეციის კომისიის რამდენიმე რეკომენდაციას გაითვალისწინებს, რომელიც ემთხვევა ჩვენს ხედვებს

პარლამენტის თავმჯდომარემ მოგვცა პირობა, რომ რამდენიმე რეკომენდაცია, რომელიც მოცემულია ვენეციის კომისიის დასკვნაში და რომელიც ემთხვეოდა ჩვენს ხედვებს, გათვალისწინებული იქნება, – ამის შესახებ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ ხელმძღვანელმა, გიორგი მშვენიერაძემ განაცხადა.

როგორც გიორგი მშვენიერაძემ აღნიშნა, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრისას გაირკვა, რომ რეკომენდაციებიდან გათვალისწინებული იქნება გამოცდების გაუქმების, ასევე ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებული საკითხები.

„მივიღეთ დაპირება, რომ კანონით განისაზღვრება დეტალური ჩამონათვალი ინფორმაციის, რომლის გამოთხოვის უფლება და კომპეტენცია ექნება საბჭო. ერთადერთ პრობლემურ საკითხად დარჩა, რომ პარლამენტი არ თანხმდება გადაწყვეტილების დასაბუთებას თუ რატომ ხდება კონკრეტული ადამიანის ნომინირება პარლამეტში. ეს პრინციპული საკითხი იყო ჩვენთვის, თუმცა ითქვა, რომ გარკვეული წერილი წარუძღვება კანდიდატის წარდგენას, სადაც წარდგენილი იქნება კანდიდატის ძირითადი დახასიათება. გარდა ამისა, დარჩა საკითხები, მათ შორის ჩვენ სკეპტიკურად ვუყურებთ იმას, რომ რამდენად ობიექტურად იქნება შესაძლებელი 18-ვე მოსამართლის პირველივე ეტაპზე შერჩევა, შემდეგ მათი ნომინირება და პარლამენტის მიერ დამტკიცება“, – განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.