გიორგი მშვენიერაძე - არის ძალიან ბევრი საქმე, სადაც პოლიციელებს ადანაშაულებენ ფიზიკურ ძალადობაში, მაგრამ სახელმწიფო არ რეაგირებს
გიორგი მშვენიერაძე - არის ძალიან ბევრი საქმე, სადაც პოლიციელებს ადანაშაულებენ ფიზიკურ ძალადობაში, მაგრამ სახელმწიფო არ რეაგირებს

„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ წარმომადგენელი გიორგი მშვენიერაძე აცხადებს, რომ არის ძალიან ბევრი საქმე, სადაც პოლიციელებს ადანაშაულებენ ფიზიკურ ძალადობაში, მაგრამ სახელმწიფო არ რეაგირებს. მან კომენტარი გააკეთა 15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით დაკავებული გამომძიებლის, მარიანა ჩოლოიანის საქმეზე. გავრცელებული ინფორმაციით, ჩოლოიანი ფიგურირებს 2011 წლის 26 მაისს ე.წ. ყინწვისის სპეცოპერაციის დროს დაკავებული ნიკოლოზ გოგუაძის საქმეშიც.

საია-ს ცნობით, გოგუაძე განმარტავდა, რომ მთავარ სამმართველოში მოწმის სახით გამომძიებელმა ჩოლოიანმა დაკითხა. დაკითხვის პარალელურად გრძელდებოდა მის მიმართ არასათანადო მოპყრობა, ორ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულ პირს გოგუაძე პერიოდულად გაჰყავდა სხვა ოთახში, სადაც მის მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფა ხორციელდებოდა, შემდეგ კი ჩოლოიანთან ოთახში აბრუნებდნენ. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, დაკავებულმა მიიღო არაერთი ფიზიკური დაზიანება.

„არის ძალიან ბევრი საქმე, რომელიც გვხვდება არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშებში, გვხვდება მედიაში, სადაც პოლიციელებს მოქალაქეები ადანაშაულებენ ფიზიკურ ძალადობაში, ზეწოლაში, ზემოქმედებაში ან მათი მდუმარე თანხმობით განხორციელებულ წამებაში, არაადამიანურ მოპყრობაში. სამწუხაროდ, ეს გვარები და სახელები ილექება ჩვენს ინფორმაციებში, მაგრამ სახელმწიფო მათზე არ რეაგირებს, რადგან სახელმწიფოსთვის, შუა რგოლის მენეჯერებისთვის, შსს-ში თუ ზედა რგოლის მენეჯერებისთვის ეს არის ჩვეულებრივი ქცევა. ჩვენ არ დაგვავიწყდეს სარალიძის საქმე, სადაც ანალოგიური შემთხვევა იყო, არასრულწლოვნებზე ფიზიკურ ძალადობაზე ჰყვებოდნენ ადამიანები, რომ ვიღაცები პოლიციაში წაიყვანეს და ფიზიკურად იძალადეს მათზე. ეს არის თითქოს ტრადიცია, რომელსაც პოლიცია არ თმობს და ეს არის ძალიან ცუდი მანკიერი ტრადიცია, რომელიც მოგვყვება საბჭოთა პერიოდიდან“, – განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.

რაც შეეხება სკოლის პასუხისმგებლობის საკითხს, მშვენიერაძე აღნიშნავს, რომ ეს საკამათო საკითხია.

„მე ვისურვებდი, რომ გვქონოდა უკეთესი სკოლა, გვქონოდა ბავშვზე ორიენტირებული განათლების სისტემა, რაც პრობლემაა უფრო მეტად საჯარო სკოლებში და ნაკლებად შეიძლება კერძო სკოლებში, მაგრამ ცხადია, რომ აქაც ეს პრობლემა ჩანს. თუმცა, ცალსახად, სკოლა რომ იყოს დამნაშავე ბავშვზე, საქმის ამ შედეგით დასრულებას არ ვხედავ. აქ მთავარი პასუხისმგებლობა პოლიციაზე მოდის, მაგრამ სკოლას აქვს თავისი პრობლემები, როცა ხედავს ბავშვის მსგავს ქცევას ან მსგავს ფაქტებს, ის უნდა რეაგირებდეს არა რეპრესიული მექანიზმების გამოყენებით, არამედ სხვა ფორმებით, რომელიც ორიენტირებული იქნება ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე“, – განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.