გიორგი მშვენიერაძე - არასამთავრობოები კონსულტაციებს დავიწყებთ, რათა პრეზიდენტს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი შევთავაზოთ
გიორგი მშვენიერაძე - არასამთავრობოები კონსულტაციებს დავიწყებთ, რათა პრეზიდენტს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი შევთავაზოთ

საქართველოს პრეზიდენტი ადმინისტრაციაში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და პრეზიდენტის მრჩევლების შეხვედრა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის საკითხზე დასრულდა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ გამგეობის წევრმა, გიორგი მშვენიერაძემ განაცხადა, ახალი კანდიდატის შერჩევისას გასათვალისწინებელია შეცდომები, რომელიც ნინო გვენეტაძის დასახელების დროს იყო დაშვებული.

მისივე თქმით, დღეისთვის ძალიან რთულია პროფესიულ წრეებში კონკრეტული კანდიდატის შერჩევა, რადგან გარდა პროფესიული გამოცდილებისა აუცილებელია, კანდიდატმა სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებზე საუბარი ღიად შეძლოს.

გიორგი მშვენიერაძე ამბობს, რომ არასამთავრობო სექტორი აქტიურ კონსულტაციებს დაიწყებს, რათა პრეზიდენტს კონკრეტული კანდიდატები შესთავაზონ.

“ჩემი გადმოსახედიდან, ძალიან გვიჭირს პროფესიულ წრეში, ღირსეული კანდიდატის მოძებნა და დასახელება. ეს არის ჩვენი პროფესიული წრის პრობლემა”, – აცხადებს გიორგი მშვენიერაძე.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კი აცხადებენ, რომ ღირსეული კანდიდატის შესარჩევად კონსულტაციები გრძელდება. პრეზიდენტო უახლოეს მომავალში გეგმავს, შეხვედრის გამართვას, როგორც პოლიტიკურ წრეებთან, ასევე ადვოკატთა ასოციაციასთან. სწორედ აღნიშნული კონსულტაციების დასრულების შემდეგ აპირებს, გიორგი მარგველაშვილი, უზენაესი სასამართლოს თანამდებობაზე, კანდიდატის დასახელებას.