გიორგი მიქაუტაძემ გოლს შედეგიანი გადაცემაც მიამატა - „ლიონმა“ „ოსერი“ დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის ზონაშია [ვიდეო] #1TVSPORT
გიორგი მიქაუტაძემ საფრანგეთის ლიგა 1-ში ისევ გაიბრწყინა და დიდი როლი ითამაშა „ლიონის“ „ოსერთან“ სტუმრად მოგებაში – 3:1.
პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, მთავარი ამბები კი შესვენების შემდეგ მოხდა. გიორგი 54-ე წუთზე მეკარესთან პირისპირ გავიდა და პენალტი მოიპოვა, რომელიც თავადვე შეასრულა. 72-ე წუთზე კი „ლიონის“ უპირატესობა რაიან შერკიმ გაზარდა.
მართალია, 77-ე წუთზე „ოსერმა“ სხვაობა ლასინე სინაიოკოს გოლით შეამცირა, მაგრამ „ლიონმა“ ისევ გაიტანა. ამ გოლშიც ქართველი თავდამსხმელი მონაწილეობდა: 84-ე წუთზე გიორგი მცველებს გასცდა და შესანიშნავი გადაცემით კარის წინ მარტო დარჩენილი ალეკსანდრ ლაკაზეტი მონახა, რომელმაც შანსი გოლად აქცია. გიორგიმ ბოლო წუთზე მცველთან ბრძოლაში მხარი დაიზიანა და შეცვალეს. თუმცა, სავარაუდოდ, სერიოზული არაფერია.
საფრანგეთის ლიგა 1-ში „ლიონმა“ 51 ქულით „ლილს“ (50 ქულა) გადაასწრო და ჩემპიონთა ლიგის ზონაში, მე-4 ადგილზეა, მეორე-მესამეადგილოსან „მონაკოსთან“ (53 ქულა) და „მარსელთან“ (52) ჩამორჩენა კი მინიმალურამდე შეამცირა.
რაც შეეხება გიორგი მიქაუტაძეს, მან მიმდინარე სეზონში ლიგა 1-ში ჩატარებულ 29 მატჩში მე-9 გოლი გაიტანა (პლუს 5 საგოლე გადაცემა). ბოლო 8 შეხვედრაში მხოლოდ ერთხელ ვერ მოახერხა ანგარიშზე საგოლე მოქმედების ჩაწერა, მის ანგარიშზე კი ამ პერიოდში 9 გოლი და 7 პასია.