გიორგი მიქაუტაძემ დაადასტურა, რომ ივნისში რუმინეთთან და ბაჰრეინთან საქართველოს ნაკრების მატჩებს გამოტოვებს #1TVSPORT
გიორგი მიქაუტაძემ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია, რომ ივნისში რუმინეთსა და ბაჰრეინთან გასამართ მატჩებში საქართველოს ნაკრებს ვერ დაეხმარება.
„სამწუხაროდ, უნდა გაცნობოთ, რომ რუმინეთთან და ბაჰრეინთან მატჩებს გამოვტოვებ. „ატლეტიკოსთან“ მატჩში მცირე დისკომფორტი ვიგრძენი. სერიოზული არაფერია, თუმცა, სამედიცინო შტაბის რჩევით, უმჯობესია დაზიანება ბოლომდე მოვიშუშო, რათა პრობლემები თავიდან ავირიდო.
საქართველოს ნაკრებს მომდევნო შეხვედრებში წარმატებებს ვუსურვებ. მალე შევხვდებით, დიდი ამბიციებითა და მიზნებით“.
„ვილიარეალის“ თავდამსხმელმა ლა ლიგის ბოლო ტურის შეხვედრაში მადრიდის „ატლეტიკოსთან“ თავი გოლით გამოიჩინა, მაგრამ მატჩის ბოლოს ტრავმის გამო შეცვალეს. მან სეზონი 13 გოლითა და 6 საგოლე გადაცემით დაასრულა.
საქართველოს ნაკრები 2 ივნისს რუმინეთს (21:00) უმასპინძლებს, ხოლო 5 ივნისს – ბაჰრეინს (20:00). ორივე შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება – პირდაპირ რეპორტჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.