გიორგი მიქაუტაძე - ვფიქრობ, რომ შეფასებები არის დადებითი როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ
გიორგი მიქაუტაძე - ვფიქრობ, რომ შეფასებები არის დადებითი როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ

პროცესი იყო უპრეცედენტო, ასეთი პროცესი საქართველოში ნამდვილად არ ყოფილა და მისი ანალოგის მოძებნა ალბათ გაგიჭირდებათ საზღვარგარეთაც. ძალიან ბევრი ქვეყნის პრაქტიკა შევისწავლეთ ვფიქრობ, რომ ძალიან იშვიათია, როდესაც ასე წარიმართა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევა, – ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ არჩეულმა, გიორგი მიქაუტაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„როგორც საბჭოში, ასევე საქართველოს პარლამენტში ყველა შესაძლო კითხვა იყო დასმული კანდიდატებისთვის და ყველას ჰქონდა უფლება, რომ ამ პროცესში მიეღო მონაწილეობა. ასე რომ, ვფიქრობ, პროცესი მაქსიმალურად გამჭირვალე იყო და საზოგადოებას ჰქონდა სრულყოფილი სურათი ამ პროცესის თაობაზე.

ჩვენ საკანონმდებლო რეგულაციების შემუშავების დაწყებისთანავე ჩართული გვყავდა საერთაშორისო პარტნიორები, მათ შორის, აშშ-ის წარმომადგენლობაც იყო ამ პროცესში ჩართული, ერთად ვიმუშავეთ როგორც საკანონდებლო რეგულაციებზე, ასევე შემდგომი პროცესებიც მუდმივი მონიტორინგის და ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიმდინარეობდა. მე მესმის, რომ შესაძლოა, არსებობდეს გარკვეულ სახის კრიტიკული მოსაზრებები პროცესთა მიმართებაში, მით უმეტეს, რომ ეს პროცესი პირველად წარიმართა ჩვენს ქვეყანაში, თუმცა საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, რომ შეფასებები არის დადებითი როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ“, – განაცხადა მიქაუტაძემ.

შეკითხვაზე, თუ ვინ გახდება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, მოქაუტაძემ განაცხადა, რომ ყველა მოსამართლე, რომელიც დღეს არის გამწესებული უზენაეს სასამართლოში პოტენციურად შესაძლებელია, რომ გახდეს თავმჯდომარეობის კანდიდატი.

„სულ ორი დღეა, რაც პარლამენტმა მიიღო ეს გადაწყვეტილება. ამ ეტაპზე საბჭოში კონსულტაციები არ მიმდინარეობს, ამიტომ წინასწარ თავს შევიკავებ სუბიექტური მოსაზრებებისგან. ყველა მოსამართლე, რომელიც არის დღეს გამწესებული უზენაეს სასამართლოში პოტენციურად შესაძლებელია, გახდეს თავმჯდომარეობის კანდიდატი”,- განაცხადა მიქაუტაძემ.