გიორგი მიქაუტაძე – ვფიქრობ, ძალიან მალე მივიღებთ განახლებულ ეთიკის წესებს მოსამართლეებისთვის
გამოხატვის თავისუფლებამ სხვადასხვა ფორმა მიიღო, მათ შორის სოციალური ქსელების მეშვეობით, ამიტომ მზად უნდა ვიყოთ, თანამედროვეობას ფეხი ავუბათ და გვქოდნეს შესაბამისი შეხედულებები და რეგულაციები, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ ჟურნალისტებს სასტუმროში „შერატონ მეტეხი პალასი“ განუცხადა, სადაც საერთაშორისო ფორუმი იმართება თემაზე „გამოხატვის თავისუფლება და სამოსამართლო ეთიკა“.
მისი თქმით, კონფერენციაზე განსახილველ საკითხებს შორის იქნება მოსამართლეების გამოხატვის თავისუფლება და ეთიკის ნორმების გადახედვის თემა.
„თემა შეეხება გამოხატვის თავისუფლებას და მათ შორის მოსამართლეების გამოხატვის თავისუფლებას. თითოეული მოქალაქის მსგავსად მოსამართლეებიც სარგებლობენ გამოხატვის თავისუფლებით, თუმცა ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია,დაცული იყოს ბალანსი სამოსამართლეო ეთიკასა და გამოხატვის თავისუფლებას შორის.
თანამედროვე ტექნოლოგიებმა ბუნებრივად გამოიწვია ის, რომ გამოხატვის თავისუფლებამ სხვადასხვა ფორმა მიიღო, მათ შორის სოციალური ქსელების მეშვეობით, ამიტომ მზად უნდა ვიყოთ, თანამედროვეობას ფეხი ავუბათ და გვქოდნეს შესაბამისი შეხედულებები და რეგულაციები, თუნდაც ეთიკის წესების სახით. ფაქტის გამო არ დამდგარა ეთიკის ნორმების გადახედვის საჭიროება; 10-15 წლის წინ სოციალურ ქსელებს არ ჰქონდა იმხელა ძალა რაც შეიძლება, დღეს ჰქონდეს. საზოგადოების განვითარება იწვევს იმას, რომ გარკვეული ნორმები და ეთიკური სტანდარტები ხდება ხოლმე გადასახედი. ვფიქრობ, უფრო ასეთ ფაქტთან გვაქვს საქმე, ვიდრე იმასთან, რომ რაიმე პრობლემები შეიქმნა და ამიტომ გახდა საჭირო. რა მიმართულებით უნდა გადაიხედოს, ამაზე გვექნება მსჯელობა. ეს დაწერილი დოკუმენტი იქნება, რომელსაც მოსამართლეთა კონფერენცია მიიღებს, როდესაც შევთანხმდებით. გარკვეულ საკითხებს შესაძლებელია შეეხოს გარკვეული შეზღუდვები, გარკვეულ საკითხებს პირიქით, შესაძლებელია მოეხსნას, ეს შეზღუდვები. ეს არის ურთიერთშეთანხმების და მოსამართლეების გადასაწყვეტი საკითხი, რადგან მოსამართლეთა კონფერენცია იღებს ჩვენთან ეთიკის საკითხებს“, – განაცხადა მიქაუტაძემ.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის თქმით, მიმდინარეობს მუშაობა და უახლოეს მომავალში მოსამართლეებისთვის განახლებული ეთიკის წესები დადგინდება.
„ჩვენს სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში გათვალისწინებული და დეკლარირებული გვაქვს, რომ ეთიკის ნორმები არის განსაახლებელი და ამ მხრივ დაწყებული არის მუშაობა. არსებობს ასევე სამუშაო ჯგუფი. გუშინ გვქონდა შეხვედრა ამ საკითხებზე და ვფიქრობ, რომ ძალიან მალე ჩვენ მივიღებთ განახლებულ ეთიკის წესებს მოსამართლეებისთვის“, – განაცხადა მიქაუტაძემ.
ფორუმს სახელწოდებით „გამოხატვის თავისუფლება და სამოსამართლო ეთიკა“ ორგანიზებას უწევს და მხარს უჭერს დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახური, ევროპის საბჭო, ევროკავშირის სასამართლო მხარდაჭერის პროექტი და USAID-ის პროგრამა კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში.
ორგანიზატორთა ინფორმაციით, ფორუმის მიზანია ცნობიერების ამაღლება გამოხატვის თავისუფლებასა და სამოსამართლო ეთიკაზე. ასევე, დისკუსია მოსამართლის გამოხატვის თავისუფლებასა და თანამედროვე გამოწვევებს შორის ბალანსზე. ღონისძიებაზე მიმოიხილავენ ზოგად სამართლებრივ ჩარჩოსა და ქვეყნის სპეციფიკურ გამოცდილებას. მოწვეული საერთაშორისო ექსპერტები ისაუბრებენ საუკეთესო პრაქტიკაზე, სოციალური მედიისა და სამოსამართლო ეთიკის ძირითად გამოწვევებზე, ასევე, მსმენელებს გაუზიარებენ რეკომენდაციებს მოსამართლეების მიერ სოციალური მედიის გამოყენების სახელმძღვანელოს შემუშავების შესახებ.
ფორუმს ესწრებიან სასამართლო ხელისუფლების, მთავრობის, საერთაშორისო ორგანიზაციების, სამოქალაქო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები.