გიორგი მიქაუტაძე - ვასილ როინიშვილს აქვს მაღალი კვალიფიკაცია, დიდი გამოცდილება, როგორც სისხლის სამართლის, ისე სამოქალაქო და ადმინისტრაციული მიმართულებით
გიორგი მიქაუტაძე - ვასილ როინიშვილს აქვს მაღალი კვალიფიკაცია, დიდი გამოცდილება, როგორც სისხლის სამართლის, ისე სამოქალაქო და ადმინისტრაციული მიმართულებით

ვასილ როინიშვილს აქვს დიდი გამოცდილება, როგორც სისხლის სამართლის მიმართულებით, ასევე სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით,- ასე შეაფასა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად ვასილ როინიშვილის არჩევა.

„უზენაესი სასამართლოს პლენუმმა დღეს გადაწყვეტილება მიიღო და საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად აირჩია ვასილ როინიშვილი, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოქმედი მოსამართლეა. მას აქვს დიდი გამოცდილება, როგორც სისხლის სამართლის მიმართულებით, ასევე სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით. 10 წლის განმავლობაში და უფრო მეტის, იყო უზენაესი სასამართლოს წევრი, აქვს მაღალი კვალიფიკაცია. ვულოცავ ბატონ ვასილს ამ საპასუხისმგებლო თანამდებობის დაკავებას“,- განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ, რომელმაც საკონსტიტუციო სასამართლოს დაკომპლექტების წესზეც გაამახვილა ყურადღება.

„ის ხელისუფლების სამივე შტოდან კომპლექტდება. სამი წევრი არის უზენაესი სასამართლოს ასარჩევი საკონსტიტუციო სასამართლოში და ეს არის სრულად სასამართლო ხელისუფლების და უზენაესი სასამართლოს პლენუმის გადასაწყვეტი.

ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ სასამართლო ხელისუფლებამ ეს კვოტა უნდა გამოიყენოს, რათა მაქსიმალურად იყოს წარდგენილი მოქმედი მოსამართლეები, ადამიანები, რომლებსაც სასამართლო ხელისუფლებაში მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება აქვთ“,- განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.