გიორგი მიქაუტაძე - უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნა თუ შეფერხდა, ამით დაირღვევა კონსტიტუცია და საქართველოს კანონი
გიორგი მიქაუტაძე - უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნა თუ შეფერხდა, ამით დაირღვევა კონსტიტუცია და საქართველოს კანონი

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი მდივანი გიორგი მიქაუტაძე აცხადებს, რომ თუ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნა შეფერხდა, ამით დაირღვევა კონსტიტუცია და საქართველოს კანონი.

მიქაუტაძის თქმით, უზენაეს სასამართლოში მოსამართლეებს დიდი რაოდენობით საქმეები აწერიათ და მათთვის ამ პირობებში მუშაობა ძალიან რთულია.

„კანონი არ ირღვევა, დაირღვეოდა იმ შემთხვევაში, თუ საბჭო არ მიიღებდა გადაწყვეტილებას კანდიდატების წარდგენაზე. შეთანხმებაში, რაც გავრცელებულია, ასეთი სახის ჩანაწერი, რომ რაიმე პროცესი უნდა შეჩერდეს და მოხდეს სასამართლოს პარალიზება, არ მინახავს. რეფორმებში სულ ვართ ჩართული და ვფიქრობ, ბევრი სასარგებლო ცვლილება მივიღეთ ოთხი ტალღის შედეგად, რამაც გააუმჯობესა სასამართლო. დღეს ორ მიმართულებაში, სისხლში და ადმინისტრაციულში თითო შემადგენლობა არის. მინიმუმ სამი უნდა იყოს, რომ მართლმსაჯულების პროცესი არ შეფერხდეს. თუ არ იქნება შესრულებული კონსტიტუციის და კანონის მოთხოვნა, სადაც წერია, რომ უზენაესი 28 მოსამართლემდე უნდა მივიდეს, გაჭიანურდება პროცესი. ვის ინტერესებში უნდა შედიოდეს სასამართლოს პარალიზება?

შესაძლებელია, რომ რეფორმა გაჩერდეს, მაგრამ პროცესის შეჩერება შეუძლებელია. ირღვევა კონსტიტუცია, ირღვევა კანონი. ეს არის საკითხი, რომლისგანაც ვერავინ იქნება დაზღვეული. ინტერესთა კონფლიქტის საკითხები ყველა მიმართულებით სხვადასხვა სამსახურებში სულ გვხვდებოდა და სულ შეგხვდება. ჩვენ საქმიანობას აწესრიგებს ორგანული კანონი და პირდაპირ არის გაწერილი, როგორ უნდა მოიქცეს საბჭოს წევრი, თუ სხვა პირი ინტერესთა კონფლიქტის დროს. კანონის განაწესი არსებობს, თუ როგორ უნდა მოიქცეს საბჭოს წევრი. ის თუ განაცხადებს თვითაცილებას და კანონის მოთხოვნას შეასრულებს, უბრალოდ არ მესმის, რა ირღვევა“,- განაცხადა მიქაუტაძემ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე უზენაეს სასამართლოში დასანიშნ ცხრაკაციან სიას უყარეს კენჭი.