გიორგი მიქაუტაძე - სასამართლო სისტემაში დამოუკიდებლობა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა
გიორგი მიქაუტაძე - სასამართლო სისტემაში დამოუკიდებლობა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა

სასამართლო სისტემაში დამოუკიდებლობა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა, – ამის შესახებ განცხადება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ მოსამართლეთა დამოუკიდებლობის შესახებ კონფერენციიის დაწყებისას განაცხადა, რომელიც ამერიკელ კოლეგებთან ერთად მიმდინარეობს.

მისი განმარტებით, დღევანდელ საჯარო კონფერენციაზე საუბარი იქნება სასამართლო სისტემაში განხორციელებულ რეფორმებსა და გამოწვევებზე. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი მთავარ გამოწვევად სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის ხარისხს ასახელებს.

„დღეს საუბარი იქნება როგორც განხორციელებულ რეფორმებზე, აგრეთვე გამოწვევებზე, რომელიც რჩება სასამართლო სისტემის წინაშე. დამოუკიდებლობა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა და ჩვენ ძალიან ბევრს მივაღწიეთ ბოლო წლებში გატარებული რეფორმების შედეგად, თუმცა ვფიქრობ, ამ მიმართულებით კიდევ ბევრია გასაკეთებელი“, –  განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მოსამართლეთა დამოუკიდებლობის შესახებ კონფერენცია მიმდინარეობს. საჯარო კონფერენციის თემაა, „მოსამართლეთა დამოუკიდებლობის სტანდარტები ამერიკასა და საქართველოში“.

კონფერენციას ესწრება ამერიკის მეოთხე ფედერალური საოლქო სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ელისონ ქეი დანქენი, რომელიც საქართველოში რამდენიმე დღიანი ვიზიტით იმყოფება.