გიორგი მიქაუტაძე - საქართველოს კონსტიტუცია მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების საფუძველს არ იძლევა
გიორგი მიქაუტაძე - საქართველოს კონსტიტუცია მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების საფუძველს არ იძლევა

დათქმა, რომელიც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების საფუძველი შეიძლება გახდეს, საქართველოს კონსტიტუციაში არ არის. ნებისმიერი ინიციატივა იქნება წინააღმდეგობაში, პირველ რიგში საქართველოს კონსტიტუციასთან, – ასე აფასებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, გიორგი მიქაუტაძე პარლამენტის ცხრა დეპუტატის ინიციატივას, რომელიც 2025 წლამდე მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერებას ითვალისწინებს.

მიქაუტაძის თქმით, საქართველოს კონსტიტუციაში მოსამართლის გამოსაცდელი ვადით გამწესების ერთადერთი შესაძლებლობა არსებობს. რაც შეეხება ინიციატივის ერთ-ერთ არგუმენტს, ვენეციის კომისიის დასკვნას, სადაც კანონპროექტის ავტორთა განცხადებით, კომისია მიესალმება გამოსაცდელი ვადის გამოყენებას 2025 წლამდე, მიქაუტაძეს მიაჩნია, რომ ამ არგუმენტის მოშველიება მიზანშეუწონელია.

„მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების შესახებ ინიციატივა არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას. კონსტიტუციაში არის ერთადერთი საშუალება დაშვებული გარდამავალი ნორმის სახით, რომელიც იძლევა საშუალებას პირველად გამწესების შემთხვევაში მოსამართლე არ დაინიშნოს უვადოდ და დაინიშნოს სამი წლის გამოსაცდელი ვადით.

ამის გარდა, სხვა დათქმა, რომელიც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების საფუძველი შეიძლება გახდეს, საქართველოს კონსტიტუციაში არ არის. ნებისმიერი ინიციატივა იქნება წინააღმდეგობაში, პირველ რიგში საქართველოს კონსტიტუციასთან.

აქ იშველიებენ ამ გადაწყვეტილების დასასაბუთებლად ვენეციის კომისიის დასკვნას, რომ თითქოს ვენეციის კომისია მიესალმა იმ დასკვნას, რომ 2025 წლამდე შესაძლებლობა დაუშვა საქართველოს კონსტიტუციამ უვადოდ დანიშვნის შეჩერების. ესეც არის სიცრუე. ვენეციის კომისია მიესალმება იმას, რომ ის ერთადერთი გამონაკლისიც კი, რომელიც უშვებს პირველად გამწესების შემთხვევაში სამი წლის გამოსაცდელი ვადით მოსამართლის დანიშვნას, გაუქმდება 2025 წლიდან“, – აცხადებს გიორგი მიქაუტაძე.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს უჭირს პროგნოზის გაკეთება, ექნება თუ არა კანონპროექტს უმრავლესობის მხარდაჭერა.

ცხრა დეპუტატმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებები მოამზადა, რომლის გათვალისწინებით, რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ განწესება 2024 წლის 31 დეკემბრამდე უნდა შეჩერდეს. კანონპროექტი დღეს დარეგისტრირდა და მას ხელს აწერენ დაპუტეტები: ეკა ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე, ალექსანდრე ერქვანია, გედევან ფოფხაძე, კობა ნარჩემაშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, ლევან კობერიძე, დავით ჭიჭინაძე და ოთარ ჩრდილელი.