გიორგი მიქაუტაძე სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარედ რჩება
გიორგი მიქაუტაძე სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარედ რჩება

ვტოვებ თანამდებობას იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, თუმცა ვაგრძელებ მოსამართლედ და სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარედ მუშაობას, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი მდივანი გიორგი მიქაუტაძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ განცხადებას ავრცელებს.

„საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ, კანონის შესაბამისად, დავტოვე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის თანამდებობა. საბჭოში მუშაობას თან ახლდა ბევრი გამოწვევა და სიახლე. ამ პერიოდის განმავლობაში ვცდილობდი, წვლილი შემეტანა სასამართლოს განვითარებაში. ჩემი საქმიანობის შეფასება თქვენთვის მომინდია. მზად ვარ კრიტიკული მოსაზრებების მოსასმენად, რაც დარწმუნებული ვარ, იქნება, თუმცა ასევე დარწმუნებული ვარ, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში განვითარებულმა პროცესებმა და ჩვენ მიერ მხარდაჭერილმა თითოეულმა გადაწყვეტილებამ სასამართლოს კიდევ უფრო მეტი დამოუკიდებლობა მოუტანა.

ვტოვებ საბჭოში თანამდებობას, თუმცა ვაგრძელებ მოსამართლედ და სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარედ მუშაობას. მე ვრჩები თითოეული მოსამართლის გვერდით.

მადლობას ვუხდი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, პლენუმს მხარდაჭერისთვის. იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრებს, აპარატს თანამშრომლობისთვის და წარმატებას ვუსურვებ მათ. მადლობა ობიექტურ დამკვირვებლებს, მედიის წარმომადგენლებს, ჟურნალისტებს, რომლებიც თითქმის ყველა სხდომას აშუქებენ და საზოგადოებას ინფორმაციას აწვდიან”, – აცხადებს გიორგი მიქაუტაძე.

გიორგი მიქაუტაძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის თანამდებობა დატოვა. გიორგი მიქაუტაძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად 2017 წლის 24 ივნისს აირჩიეს.