გიორგი მიქაუტაძე - მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროცესის შეჩერება მართლმსაჯულების განხორციელების პროცესს კიდევ უფრო შეაფერხებს
გიორგი მიქაუტაძე - მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროცესის შეჩერება მართლმსაჯულების განხორციელების პროცესს კიდევ უფრო შეაფერხებს

მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროცესის შეჩერებას სჭირდება მეტი დაფიქრება, მეტი არგუმენტი, რადგან სასამართლოში კიდევ უფრო არ შეფერხდეს მართლმსაჯულების განხორციელების პროცესი, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ ანა დოლიძის განცხადების საპასუხოდ განაცხადა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის წესის შეჩერებაში საფრთხეებს ხედავს და ამბობს, რომ აღნიშნული ცვლილების განხორციელების შემთხვევაში მეტი დაფიქრებაა საჭირო.

გიორგი მიქაუტაძის განმარტებით, აღნიშნული წინადადების დაყენება ყოველთვის არგუმენტის გარეშე ხდება. საბჭოს მდივანი მოუწოდებს ინიციატივის ავტორს, რომ უფრო მეტ დეტალზე გაამახვილოს ყურადღება.

„იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, ზოგადად სასამართლო სისტემის გამართულად ფუნქციონირებისთვის აქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა.  ჩვენ კონკრეტული არგუმენტების გარეშე გვესმის რაღაც მოსაზრებები, რომ მოსამართლეები არ უნდა დაინიშნონ და უნდა შეჩერდეს მათი დანიშვნის პროცესი. ვისურვებდი, რომ მეტი ფაქტები, კონკრეტიკა და არგუმენტები წარმოადგინონ იმ პირებმა, ვინც აჟღერებს ასეთ ინფორმაციას, თუ საუბარი არის საკანონმდებლო პროცესის სრულყოფაზე და მიმდინარე რეფორმებზე.

ეს პროცესი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს იმ ფონზე, როდესაც სასამართლოები გადატვირთულია და განვითარებულ ევროპულ ქვეყნებთან შედარებით, ორჯერ და სამჯერ ნაკლები მოსამართლეა დღეს საქართველოში. მოსამართლეთა ნაკლებობა არის სწორედ ძირითადი მიზეზი იმ გადატვირთულობის, რაც დღევანდელ სასამართლოებშია.

განსაკუთრებით ეს ეხება სამოქალაქო და ადმინისტრაციულ მიმართულებებს. მოწოდება, რომ შეჩერდეს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროცესი, ვფიქრობ, სჭირდება მეტი დაფიქრება და უფრო მეტი არგუმენტები, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში, სასამართლოში კიდევ უფრო შეფერხდება მართლმსაჯულების განხორციელების პროცესი და ეს გადატვირთულობის პრობლემა, უფრო სერიოზულ სახეს მიიღებს. ამიტომ კარგად უნდა დავფიქრდეთ, სანამ ასეთ გადაწყვეტილებებს მივიღებთ“, – განაცხადა იუსტიციის საბჭოს მდივანმა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე საკანონმდებლო ორგანოს მიმართავს, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის წესი შეაჩეროს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსამართლეთა გამწესებაზე პასუხისმგებლობას პარლამენტს აკისრებს.