გიორგი მიქაუტაძე - იბრაჰიმოვიჩთან მაისურის გაცვლა არც მიფიქრია, ნაკრების პირველი ფორმა ოჯახში დარჩება #1TVSPORT
გიორგი მიქაუტაძე - იბრაჰიმოვიჩთან მაისურის გაცვლა არც მიფიქრია, ნაკრების პირველი ფორმა ოჯახში დარჩება #1TVSPORT

გიორგი მიქაუტაძემ ბელგიურ საინფორმაციო სააგენტო rtbf-თან ვრცელ ინტერვიუში ბევრ საინტერესო თემაზე ილაპარაკა. საქართველოს ნაკრების 20 წლის თავდამსხმელის თქმით, რომელიც ბელგიის პირველი ლიგის ბომბარდირი გახდა, ზლატან იბრაჰიმოვიჩთან ნაკრების ფორმის გაცვლაზე არც უფიქრია.

„ბავშვობაში მამაჩემი დარტყმებზე ბევრს მავარჯიშებდა. გამქონდა თავით, მუხლით, ფეხით, გოლი კი ნებისმიერ შემთხვევაში ფასდება და ყოველთვის დიდი გრძნობაა. ბომბარდირებში შენი გვარის ამოკითხვა ყოველთვის მშვენიერი განცდაა. ვაღიარებ, რომ ცოტა ეგოისტი ვარ. მაგრამ მხოლოდ მოედანზე და არა – ცხოვრებაში! ყოველი გამარჯვების შემდეგ, სიმღერას ვიწყებ. ფეხბურთის მთელი სილამაზე გასახდელში და მოედანზე თანაგუნდელებთან და ფანებთან ერთად მიღებულ სიამოვნებაშია”, – ამბობს გიორგი მიქაუტაძე.

მან თავის ზედმეტსახელზე – (ჯორჯინიო) და ოჯახზე ილაპარაკა.

„ეს არის მეტსახელი, რომელიც საკუთარ თავს ბრაზილიელი ფეხბურთელების გამო ხუმრობით შევარქვი. მეგობრებთან ვამბობდი, რომ ჯორჯინიო მქვია-მეთქი და მათ ეს ხუმრობა ესმოდათ. ჩემი ფესვები საქართველოშია, იქ ოჯახი მყავს. ჩვენ საკმაოდ მხიარული ხალხი ვართ, გვიყვარს გართობა და ჭამა. ქართული საკვები? ის მძიმე და ცხიმიანია (იცინის). დედაჩემი სამზარეულოში სულ ქართულ საკვებს ამზადებს! ჩემი ოჯახი გახარებული იყო, რომ ეროვნული ნაკრების მაისური მოვირგე“.

მიქაუტაძის თქმით, ზლატან იბრაჰიმოვიჩი საქართველოს ნაკრებთან საკუთარ თავს არ ღალატობდა.

„ჩემი პირველი სანაკრებო მატჩი იბრაჰიმოვიჩის შვედეთთან ჩავატარე. ესპანეთთან დაშავებული ვიყავი, მაგრამ ვნახე სერხიო რამოსი და ტიაგო ალკანტარა – წარმოუდგენელი მოთამაშეები, რომლებიც მანამდე მხოლოდ ტელევიზორში მენახა. ბავშვობის კერპები ჩემი მეტოქეები იყვნენ! ზლატანი ფენომენალური და თავისი იმიჯის ერთგულია. ის ყველას მთელი მატჩი შეურაცხყოფას ცდილობდა და მსაჯს ეკამათებოდა. მაგრამ მასთან ბრძოლა რომ გვიწევდა, არანაირ პატივისცემას არ ვავლენდით. ამ მატჩის შემდეგ მასთან მაისურის გაცვლაზე არც მიფიქრია. ნაკრებში ჩემი პირველი შეხვედრის მაისური თავად დავიტოვე და ის ახლა ჩემს მშობლებთან ლიონშია“.

 

გიორგიმ საქართველოს ნაკრების მომავალთან დაკავშირებულ იმედებზეც ილაპარაკა.

„ვიმედოვნებთ, რომ ევროპის ან მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვდებით. ევრო 2020-ზე გასასვლელად ცოტა დაგვაკლდა, სადაც ჩრდილომაკედონიასთან გადამწყვეტი მატჩი წავაგეთ. მაგრამ არაუშავს, ჩვენივე შეცდომებზე ვისწავლით“.

მიქაუტაძე „სერენს“ უკვე დაემშვიდობა და „მეცში“ დაბრუნდა, რომელიც ქართველის სატრანსფერო უფლებებს ფლობს.

„ასეც იყო დაგეგმილი – „მეცთან“ ახალი კონტრაქტი გავაფორმე და მწვრთნელი ფრედერიკ ანტონეტი გუნდის ბირთვში გადამიყვანს. ძირითად შემადგენლობაში თამაშის არანაირი გარანტია არ მიმიღია, მაგრამ საკუთარ თავში დარწმუნებული ვარ: თუ იმას გავაკეთებ, რაც მევალება და იმედებს გავამართლებ, ყველაფერი კარგად იქნება, თუმცა „სერენიდან“ წასვლაზე გული დამწყდა, რადგან ეს ჩემი მეორე ოჯახია“.