გიორგი მიქაუტაძე - არასწორია მოსაზრება, რომ ვიწრო სპეციალიზაციაში მოსამართლეთა მცირე რაოდენობის გამო შემთხვევითი შერჩევის პრინციპი ირღვევა
გიორგი მიქაუტაძე - არასწორია მოსაზრება, რომ ვიწრო სპეციალიზაციაში მოსამართლეთა მცირე რაოდენობის გამო შემთხვევითი შერჩევის პრინციპი ირღვევა

ეს არის ცრუ ინფორმაცია, რომ საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით რაიმე დამატებითი უფლებამოსილება მიენიჭა,- ასე ეხმაურება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე არამოსამართლე წევრების ბრალდებას, რომლის მიხედვითაც საბჭომ დღეს უკანონო გადაწყვეტილება მიიღო და თბილისის სააპელაცოო სასამართლოს თავმჯდომარეს დამატებითი უფლებამოსილება გადასცა.
გიორგი მიქაუტაძის განმარტებით, დღეს საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, უკვე რამდენიმე წელია მოქმედებს საქალაქო სასამართლოში, სადაც მოსამართლეები საქმეებს ვიწრო სპეციალიზაციით განიხილავენ.

რაც შეეხება კიდევ ერთ ბრალდებას, რომ ვიწრო სპეციალიზაციაში მოსამართლეთა მცირე რაოდენობის გამო შემთხვევითი შერჩევის პრინციპი ირღვევა, მიქაუტაძეს მიაჩნია რომ ეს მოსაზრება არასწორია.

„ეს არის აბსოლუტური სიცრუე. 2006 წლიდან მოქმედებს ეს წესი თბილისის საქალაქო სასამართლოში და შესაბამისად, თავმჯდომარეს 2006 წლიდან აქვს ეს ფუნქცია, რაზეც დღეს იყო საუბარი. რაც შეეხება ელექტრონულად საქმეთა შემთხვევითი პრინციპით განაწილების წესს, ცვლილება დაიგეგმა იმდაგვარად, რომ როგორც მინიმუმ სამი მოსამართლე იქნება ერთ ვიწრო სპეციალიზაციაში.

პროგრამა საქმეებს გაანაწილებს ამ სამი მოსამართლიდან შემთხვევითი შერჩევით ერთ-ერთზე, შესაბამისად ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია, რომ შემთხვევითი შერჩევის პრინციპს რაიმე საფრთხე შეიძლება დაემუქროს ან რაიმე ფორმით შესაძლებელია რომ საქმეთა განაწილებაში უკანონო ჩარევა მოხდეს“,- განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 10 ხმით 4-ის წინააღდეგ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა ადმინისტრაციულ საქმეთა და სისხლის სამართლის საქმეთა პალატებში მოსამართლეთა ვიწრო სპეციალიზაციების შექმნა დაამტკიცა.