გიორგი მიქაუტაძე აცხადებს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლეთა კონკურსში მონაწილეობა ბუნებრივი პროცესია
გიორგი მიქაუტაძე აცხადებს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლეთა კონკურსში მონაწილეობა ბუნებრივი პროცესია

მიზანშეწონილია, მინიმუმ ერთი ან ორი წლით ადრე იცოდე, შენს კარიერას რა ელოდება, – ასე პასუხობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეობის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მიქაუტაძე საბჭოს არამოსამართლე წევრ ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებას, სადაც აცხადებს, რომ საეჭვოა გიორგი მიქაუტაძის სურვილი, გახდეს უვადო მოსამართლე დღეს, იმ ფონზე, როდესაც სამოსამართლეო უფლებამოსილების ვადა 2021 წლის ბოლოს ეწურება.

გიორგი მიქაუტაძე საბჭოს მიერ გამოცხადებულ მოსამართლეთა კონკურსში მონაწილეობას ბუნებრივ პროცესს უწოდებს.

„მიზანშეწონილია, იცოდე, შენს კარიერას რა ელოდება მინიმუმ ერთი ან ორი წლით ადრე​ და თუ არის შესაძლებლობა, რომ არ გამწესდე, გქონდეს ადამიანს თადარგი ​დაჭერილი. ეს არის ჩემი ერთადერთი სამსახური და შემოსავალი. ძალიან ბუნებრივია, ადამიანი ფიქრობდეს ორი წლის შემდეგ მისი კარიერა როგორ განვითარდება“, – განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

იუსტიციის საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ნაზი ჯანეზაშვილის სხვა ბრალდებებსაც გამოეხმაურა. კერძოდ, ​ნაზი ჯანეზაშვილმა დღეს საგანგებო ბრიფინგზე 2016 წელს გონიოში მომხდარ ინციდენტზე ისაუბრა.

გიორგი მიქაუტაძის თქმით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით არაერთხელ განმარტა და აღნიშნა, რომ დასამალი არაფერი აქვს.

„ეს ამბავი ნამდვილად არ არის ახალი. ყოველ ჯერზე, როდესაც დასჭირდებათ ასეთი ცილისმწამებლური რაღაც კამპანიის აგორება, ამ ფაქტის რევიზია ხდება ხოლმე. დასამალი ნამდვილად არაფერი მაქვს და რამდენჯერაც დაისმება ეს კითხვა, იმდენჯერ ღიად შემიძლია ამ საკითხზე საუბარი. ერთადერთი შეხება რაც მქონდა არის, რომ განვიხილე სამართალდარღვევის საქმე, რომელშიც მონაწილეობდნენ ეს პირები და ამაზე განაწყენებულები თავს დამესხნენ, როდესაც ვიყავი ოჯახთან, ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად დასასვენებლად. ადგილი ჰქონდა ფიზიკურ შეურაცხყოფას. მოსამართლეზე მის მიერ განხილული საქმიდან გამომდინარე წამოვიდა აგრესია, რასაც მოჰყვა კანონისმიერი რეაგირება. კითხვა არის ასეთი, რატომ ხდება პერიოდულად ამ თემის გააქტიურება და როდემდე შეიძლება ერთი და იგივე საკითხზე მომიწიოს განმარტებების გაკეთება“, – განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მიქაუტაძე გავლენების გამოყენებაში დაადანაშაულა. აღნიშნულის შესახებ ნაზი ჯანეზაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.