გიორგი მიქაძე - შევეცდებით, ტემპი არ დავაგდოთ და კიდევ უფრო მოვუმატოთ #1TVSPORT
გიორგი მიქაძე - შევეცდებით, ტემპი არ დავაგდოთ და კიდევ უფრო მოვუმატოთ #1TVSPORT

„თელავის“ მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი მიქაძემ კომენტარი გააკეთა ეროვნულ ლიგაში გორის „დილასთან“ შეხვედრაზე, რომელიც მისმა გუნდმა 2:1 მოიგო და აუტსაიდერთა ზონასთან უპირატესობა გაზარდა.

„ეს იყო ურთულესი თამაში ძალიან კარგ მეტოქესთან. შეხვედრა ემოციური და დრამატული გამოდგა. მადლობა ჩემს ფეხბურთელებს, რომლებმაც, სათამაშო კლასთან ერთად, ხასიათიც გამოავლინეს. მახარებს, რომ ბოლო წუთებზე უკვე მეორე შეხვედრა მოვიგეთ. გუნდი უმატებს, რაც იმას ნიშნავს, რომ „თელავში“ არის რესურსი და შეცვლაზე შესული ფეხბურთელებიც თამაშში კარგად ერთვებიან.

გორის „დილასთან“ მაღალი ხარისხის ფეხბურთი ვერ ვაჩვენეთ, მაგრამ სამი ქულის მოპოვება მნიშვნელოვანი იყო, რადგან „სამტრედია“ ძალიან მოგვიახლოვდა და კარგია, რომ ხუთქულიანი უპირატესობა შევინარჩუნეთ. ჩვენი გულშემატკივარი კიდევ ერთხელ გავახარეთ. შევეცდებით, ტემპი არ დავაგდოთ და კიდევ უფრო მოვუმატოთ“, – ამბობს გიორგი მიქაძე.

აღსანიშნავია, რომ „თელავმა“ ზედიზედ მესამე შეხვედრა მოიგო და ეროვნული ლიგის მესამე წრე 30 ქულით მე-7 ადგილზე დაასრულა.