გიორგი მიქაძე - საქართველოს ჩემპიონატის ყველაზე კარგ გუნდს მოვუგეთ #1TVSPORT
„იბერიის“ მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი მიქაძემ და ფეხბურთელებმა ეროვნული ლიგის მეორე ტურში ქუთაისში „ტორპედოსთან“ მოგებული (3:2) მატჩი შეაფასეს.
გიორგი მიქაძე, „იბერიის“ მთავარი მწვრთნელი – „ქუთაისში გამარჯვება იოლი არ არის. მიმაჩნია, რომ კარგად ვითამაშეთ და, ხაზგასმით ვიტყვი, დამსახურებულად გავიმარჯვეთ. ვიშრომეთ, მოვინდომეთ, მოვიგეთ და ამით ბედნიერები ვართ – საქართველოს ჩემპიონატის ყველაზე კარგ გუნდს მოვუგეთ. ასე უნდა გავაგრძელოთ სვლა და კიდევ უნდა მოვუმატოთ“.
გიორგი კოხრეიძე, „იბერიის“ თავდამსხმელი – „ქუთაისის „ტორპედო“ კარგი გუნდია, მაგრამ დღეს ვაჯობეთ და დამსახურებულად მოვიგეთ“.
ნიკა დადიანი, „იბერიის“ ნახევრამცველი – „გახარებული ვარ, რომ დღეს ეროვნულ ლიგაში ჩემი დებიუტი შედგა. უპირატესობას თავიდანვე დავეუფლეთ. მართალია, მატჩის ბოლოს მდგომარეობა დაიძაბა, მაგრამ მესამე გოლი აღარ გავუშვით და, ჩემი აზრით, მოგება დავიმსახურეთ“.
გიზი მამაგეიშვილი, „იბერიის“ ნახევარმცველი – „სანახაობრივი თამაში გამოვიდა. ასეთი მატჩები გულშემატკივრებსაც მოსწონთ. ბედნიერები ვართ, რომ ქუთაისში სამი ქულა მოვიპოვეთ და ვიმედოვნებთ, რომ შემდეგ ტურებშიც ასევე გავაგრძელებთ“.