გიორგი მიქაძე - „სამგურალს“ დიდი ამბიციები აქვს #1TVSPORT
გიორგი მიქაძე - „სამგურალს“ დიდი ამბიციები აქვს #1TVSPORT

წყალტუბოს „სამგურალი“ სეზონისთვის ანტალიაში ემზადება და პირველ ამხანაგურ შეხვედრაში რუმინული „მერკურეა ჩიუკი“ დაამარცხა (2:1). მატჩი და მოსამზადებელი ეტაპი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გიორგი მიქაძემ შეაფასა.

„ანტალიაში მოსამზადებლად ყველანაირი პირობაა შექმნილი. კარგ სასტუმროში ვართ, სავარჯიშო მოედნებიც კარგია, მშვენიერი საფეხბურთო გარემოა და საწვრთნელი პროცესიც გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. პირველ თამაშს რაც შეეხება, რუმინულ „მიერკურეა ჩიუკთანგავიმარჯვრთ. მოგება ყოველთვის სასიამოვნოა, მაგრამ ამ ეტაპზე გამარჯვებაზე მეტად ის უფრო მაინტერესებდა, გუნდი ტაქტიკურ დავალებებს როგორ შეასრულებდა. კარგი სპარინგი გამოვიდა. მართალია, ჩვენი მეტოქე რუმინეთის მეორე ლიგის გუნდი იყო, მაგრამ საკმაოდ კარგად თამაშობდნენ მაღალ სისწრაფეებზე. გვიზღუდავდნენ სივრცეებს და სწრაფად გადმოდიოდნენ შეტევაზე. ჩვენ ასეთი ტიპის გუნდებთან თამაშს მიუჩვევლები ვართ და ხარვეზები გამოიკვეთა. იმედია, მათ ჩემპიონატის დაწყებამდე მოვაგვარებთ. ვეძებთ ოპტიმალურ სისტემას, რომელიც ჩვენს ფეხბურთელებზე იქნება მორგებული“, – ამბობს გიორგი მიქაძე.

წყალტუბოს „სამგურალის“ მთავარმა მწვრთნელმა კომენტარი შეკრებაზე დამატებულ ორი ლეგიონერზეც გააკეთა:

„ორი დღეა, რაც შეკრებაზე შემოგვიერთდნენ სენეგალელი თავდამსხმელი ბაბაკარ ტანკარა და რუსი ფლანგის ნახევარმცველი ნიკიტა სინდიამკინი. ტანკარამ რუმინელებთან მატჩში გატანაც მოახერხა, მაგრამ ეს გადამწყვეტი ფაქტორი არ არის. გვინდა ისეთი ფეხბურთელები დავიმატოთ, რომლებიც მთელი სეზონის განმავლობაში გაგვაძლიერებენ. ვნახოთ, როგორ შეეწყობიან გუნდს, როგორ გაართმევენ თავს დავალებებს და ამის მიხედვით გადაწყდება, დარჩებიან თუ არა გუნდში“.