გიორგი მიქაძე - „საბურთალოსთან“ სტუმრად მოგება ადვილი არ არის, ძალიან საჭირო სამი ქულა მოვიპოვეთ #1TVSPORT
„თელავის“ მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი მიქაძემ კომენტარი გააკეთა ეროვნული ლიგის ბოლო ტურში „საბურთალოსთან“ სტუმრად მოპოვებულ გამარჯვებაზე (1:0), რომლითაც თელაველებმა წარმატებული სერია გააგრძელეს.
„ძალიან მაგარი თამაში მოვიგეთ და საჭირო სამი ქულა მოვიპოვეთ. ვთვლი, რომ კარგი მატჩი ჩავატარეთ. ბევრი მომენტი შევქმენით, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ გამოვიყენეთ. დაცვაშიც ყურადღებით ვითამაშეთ და საბოლოოდ სასურველ შედეგს მივაღწიეთ. „საბურთალოსთან“ სტუმრად მოგება ადვილი არ არის. ახლა შემდეგი შეხვედრისთვის უნდა მოვემზადოთ. მადლობა გულშემატკივრებს თანადგომისთვის – შევხვდებით 28 სექტემბერს, თელავში“, – ამბობს გიორგი მიქაძე.
ეროვნული ლიგის მომდევნო მატჩში, 28 სექტემბერს „თელავი“ „კავკასიონ არენაზე“ გორის „დილას“ დაუპირისპირდება. ამ მატჩით ეროვნული ლიგის მესამე წრე დასრულდება.
„თელავმა“ მესამე წრეში რვა შეხვედრა ჩაატარა, ხუთი მოიგო, ერთი ფრედ დაასრულა და ორი წააგო. თელაველებმა დაამარცხეს ლიდერი ბათუმის „დინამო“ (2:1), „საბურთალო“ (1:0), „სამგურალი“ (1:0), „სამტრედია“ (2:0), „შუქურა“ (2:0), ფრედ ითამაშეს „დინამო თბილისთან“ (2:2), დამარცხდნენ „ტორპედოსთან“ (1:2) და „გაგრასთან“ (0:1).
ჩემპიონატის სტარტზე აუტსაიდერთა ზონაში მყოფი გუნდი 27 ქულით მეშვიდე ადგილზეა და პლეი აუტის ზონაში მყოფ „სამტრედიას“ ხუთი ქულით უსწრებს, ხოლო „გაგრას“ – რვა ქულით.