გიორგი მღებრიშვილი - სოფელ ჭუბერში ვითარება კონტროლდება და ამ ეტაპზე, სტიქიის განმეორების საფრთხე არ არსებობს
გიორგი მღებრიშვილი - სოფელ ჭუბერში ვითარება კონტროლდება და ამ ეტაპზე, სტიქიის განმეორების საფრთხე არ არსებობს

სოფელ ჭუბერში ვითარება კონტროლდება და ამ ეტაპზე ხეობაში, სტიქიის გამეორების საფრთხე არ არსებობს, – ამის შესახებ საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა, რომელიც სტიქიის ზონაში ჩავიდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, გიორგი მღებრიშვილმა სტიქიის ზონაში ყველა რისკის შემცველი მონაკვეთი დაათვალიერა. სამსახურის ცნობით, ამ დროისთვის, ღვარცოფის საფრთხე არ არსებობს, შესაბამისად, სოფელ ჭუბერში მოსახლეობის ევაკუაცია არ იგეგმება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სტიქიის შედეგების მაქსიმალურად მოკლე დროში ლიკვიდაციის მიზნით, ადგილზე დამატებითი ჯგუფების მობილიზებას თბილისიდან, სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონებიდან ახორციელებს.

უხვი ნალექის შედეგად, სოფელ ჭუბერში მთის ნაწილის ჩამოშლამ მდინარე ნენსკრას ადიდება გამოიწვია. სოფელი ჭუბერი და კიდევ რამდენიმე დასახლება გარესამყაროსაა მოწყვეტილი. მდინარის კალაპოტიდან გადმოსვლის გამო, დაიტბორა მიმდებარე ტერიტორია. ჩამოწოლილმა მეწყერმა და მოვარდნილმა ღვარცოფმა სოფლებთან დამაკავშირებელი ხიდები და ორი სახლი წაიღო.