გიორგი მერებაშვილი - პროკურატურაში მთხოვდნენ მეთქვა, თითქოს პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადებაზე ბრძანებებს მაღალჩინოსნებისგან ვიღებდი
გიორგი მერებაშვილი - პროკურატურაში მთხოვდნენ მეთქვა, თითქოს პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადებაზე ბრძანებებს მაღალჩინოსნებისგან ვიღებდი

პროკურატურაში წარმოადგინეს ჩანაწერი, სადაც თითქოს მკვლელობაზეა საუბარი და მე ბრძანებას ვიღებდი შს მინისტრისგან, რაზეც ვუთხარი რომ ეს იყო გაყალბებული, ამის მერე დავკარგე სამსახური და დამაკავეს, – ამის შესახებ ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა, გიორგი მერებაშვილმა საქალაქო სასამართლოში დაკითხვისას განაცხადა.

გიორგი მერებაშვილმა სასამართლოში წარდგენილი ბრალი უარყო და აღნიშნა, რომ ჩანაწერში, რომელიც მტკიცებულებით არის წარმოდგენილი ის არ ფიგურირებს.

„კატეგორიულად უარვყოფ წარდგენილ ბრალდებას. არასოდეს არც გამიგია და არც ვყოფილვარ მსგავს თათბირზე. ჩანაწერში ჩემი ხმა არ არის. ჩანაწერის დასაწყისში უცნობი პიროვნება, რომელიც ექსპერტიზის ცნობით მე ვარ, ახსენებს სიტყვა ბაბუას. ბატონო მოსამართლევ, აღმოსავლეთიდან ვარ და ბაბუას საერთოდ არ ვიყენებ. გარდა ამისა, ერთ-ერთ ეპიზოდში თითქოს მე ვარ მოდულის შენობაში, სადაც ტარდება თათბირი. არადა ამ დროს ვიმყოფები დიდუბეში. ეს დაადგინეს ჩემი მობილურის ნომრით“, – განაცხადა დაკითხვისას ბრალდებულმა.

გიორგი მერებაშვილმა სხდომაზე ასევე განაცხადა, რომ პროკურატურაში მას აიძულებდნენ ხელი დაედო სხვა მაღალჩინოსნებისთვის. უარის თქმის შემდეგ კი, ის დააკავეს.

„2016 წელს თბილისის პროკურატურაში დამხვდა გამომძიებელი ლევანი და მანამდე უცნობი ორი პიროვნება, რომლებიც შემდეგ აღმოჩნდნენ საგამოძიებო ნაწილის უფროსი და მისი მოადგილე. საუბარი დამიწყეს, თითქოს კორუფციულ გარიგებაში ვიყავი და ამაზე ვუთხარი, რომ ეს სიცრუე იყო. მერე მითხრეს, რომ თანამონაწილეობა მაქვს მიღებული პატარკაციშვილის მკვლელობაში თუ მომზადებაში, ამაზეც ვუთხარი, რომ ესეც სიცრუეა. წარმოადგინეს რაღაც ჩანაწერი, სადაც საუბარია თითქოს მკვლელობაზე და თითქოს ვიღებდი შს მინისტრისგან ბრძანებს. რაზეც ვუთხარი, რომ ეს იყო გაყალბებული. ამის შემდეგ 20 სექტემბერს დამიბარეს. იგივე შემადგენლობა დამხვდა. მოკლედ ამიხსნეს და თქვეს, რომ სჭირდებათ ეს საქმე და არჩევნებია წინ. ისინი ითხოვდნენ დადასტურებას, რომ ასეთი თათბირები იყო და ითხოვდნენ მეთქვა, რომ ეს დავალებები ქვეყნის პირველი პირებისგან მოდიოდა. მე ვუთხარი, რომ ამას არ გავაკეთებდი.

მერე დამიკავშირდა თავდაცვის სამინისტროს გენინსპექციის უფროსი და მითხრა, რომ მინისტრის სახელით მელაპარაკებოდა და მითხრა რომ დავხმარებოდი პროკურატურას. მე ვუთხარი, რომ ამას ხელს ვერ მოვაწერდი. მერე დამემუქრნენ რომ მძიმე შედეგი მოჰყვებოდა. ამის მერე დავკარგე სამსახური და დამაკავეს კიდეც“, – განაცხადა გიორგი მერებაშვილმა.

კუდ-ის ყოფილ მაღალჩინოსნებს ლევან ქარდავას, რევაზ შიუკაშვილსა და გიორგი მერებაშვილსბრალად ედებათ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის მომზადება. გამოძიება ამბობს, რომ კუდ-ის სამი ყოფილი მაღალჩინოსანი პატარკაციშვილის მკვლელობის გეგმას, ბიზნესმენის გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე განიხილავდა.

ბრალდების ერთ-ერთი მტკიცებულება არის აუდიოჩანაწერი, რომელიც პროკურატურის ცნობით, 2007 წლის თებერვალში მოდულის შენობაში ერთ-ერთ თათბირს ასახავს. გამოძიების ცნობით, ამ თათბირზე საუბარია ბიზნესმენის ლიკვიდაციის გეგმის შეთანხმებაზე, რომელსაც ესწრებოდნენ კუდ-ის მაშინდელი მაღალჩინოსნები – გია დგებუაძე, იგივე „მასტერა“, ლევან ქარდავა, გიორგი შიუკაშვილი და გიორგი მერებაშვილი.

პროკურატურის ინფორმაციით, სწორედ ეს ჩანაწერი დაეხმარა უწყებას საქმის გახსნაში და ის 2016 წლის დეკემბერში ერთ-ერთ გახმაურებულ საქმეზე ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს იპოვეს. ბრალდების მხარის ინფორმაციით, ეს ჩანაწერი ავთენტურია და სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომაც დაადასტურა.

მოსამართლემ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე ბრალდებული გიორგი მერებაშვილი სასამართლო დარბაზიდან 11 ივლისს გაათავისუფლა. მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის ვადა ამოეწურა.