გიორგი მერებაშვილი - ორი დღეა, გუნდის ბაზაზე ვვარჯიშობთ და უდიდესი ემოცია მქონდა
გიორგი მერებაშვილი - ორი დღეა, გუნდის ბაზაზე ვვარჯიშობთ და უდიდესი ემოცია მქონდა

საქართველოს ნაკრებისა და პლოცკის „ვისლას“ თავდამსხმელი გიორგი მერებაშვილი საქართველოს პირველ არხთან აცხადებს, რომ მოედანზე დაბრუნებამ დიდი სიხარული მიანიჭა.

საქმე ისაა, რომ პოლონეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, პოლონეთის საფეხბურთო გუნდებს ვარჯიშის უფლება დართეს.

„ვარჯიშის განახლება ძალიან გამიხარდა და ბედნიერი ვარ. გუნდი ერთად რომ ვივარჯიშებთ, ეს კიდევ უფრო უკეთესი იქნება. 29 მაისიდან კი მოედანზე გასვლა გველის. ორი დღეა, გუნდის ბაზაზე ვვარჯიშობთ მოედანზე რომ გავდიოდი, იმხელა ემოცია მქონდა, ვერ წარმოიდგენთ! დააახლოებით ისეთი, როგორც გალიიდან გაშვებულ ჩიტს,“ – ამბობს საქართველოს პირველ არხთან გიორგი მერებაშვილი.

მისი თქმით, ფიზიკურად თავს ძალიან კარგად გრძნობს და ფორმის აღსადგენად დიდი დრო არ დასჭირდება.

„ბუნებრივია, ფორმაში ვერ ვიქნები – გუნდთან ერთად თუ არ ივარჯიშე და არ ითამაშე, ეს გამორიცხულია. თუმცა, კარანტინის დროს, არ გავჩერებულვარ, ძალიან ბევრი ვიშრომე, ინდივიდუალურად ვვარჯიშობდი და ტონუსის შენარჩუნებას ვცდილობდი. ორი დღეა, მინდორზე გადავედით და ვგრძნობ, 29 მაისამდე, ანუ ჩემპიონატის დაწყებამდე, ფორმის აღდგენას მოვახერხებ.“ – გვითხრა მერებაშვილმა.