გიორგი მარგველაშვილმა წილკანში არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა
გიორგი მარგველაშვილმა წილკანში არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა წილკანში, დევნილთა დასახლებაში დღეს, ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა.

პრეზიდენტის თქმით, სახელმწიფო უშიშროების სამსახური მუშაობს, როგორც გადმოსვენების, ისე ორი ჩვენი თანამოქალაქის დაბრუნების საკითხზე.

„ჩვენ დავკარგეთ თანამებრძოლი, ადამიანი, რომელიც საქართველოს ემსახურებოდა. მათ შორის, საერთაშორისო მისიებში. მას საქართველოში ერთი ტყვია არ გაუსვრია.

ის ემსახურებოდა თავის სამშობლოს, სამსახურის მერე უკვე მშვიდობიანი მოქალაქის ცხოვრებით ცხოვრობდა.

ეს არის ყოვლად ამაზრზენი მკვლელობა, რომელიც დიდ ტკივილად ემატება ოკუპაციის ტრაგედიას.

სახელმწიფო უშიშროების სამსახური მუშაობს, როგორც გადმოსვენების, ისე ორი ჩვენი თანამოქალაქის დაბრუნების საკითხზე, რომელთა ბედი ჩვენ ძალიან გვაღელვებს.

ვიზიარებთ ოჯახისა და ყველა ახლობლის ტკივილს. ბუნებრივია, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოჩნდეს ამ ტრაგედიის პარალელურად ის სიმართლე, რაც ხდება ოკუპირებულ რეგიონებში. ის, რაც ვნახეთ ერთი წლის წინ აფხაზეთში, ის რასაც ვხედავთ აქ, ეს არის უდანაშაულო ადამიანების მკვლელობა“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ახალგორში უკანონოდ დააკავა. დღეს კი, ცნობილი გახდა, რომ არჩილ ტატუნაშვილი გარდაიცვალა.