გიორგი მარგველაშვილმა შესაძლოა, ნაჩუქარი ტრაქტორი ვერ გამოიყენოს
გიორგი მარგველაშვილმა შესაძლოა, ნაჩუქარი ტრაქტორი ვერ გამოიყენოს

ტრაქტორი, რომელიც ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ქართველ კოლეგას, გიორგი მარგველაშვილს აჩუქა, დაახლოებით 5 ათას 100 დოლარი ღირს.

საქართველოს კანონის საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ მე-5 მუხლის თანახმად, საჯარო მოსამსახურის მიერ საანგარიშო წლის განმავლობაში მიღებული საჩუქრების ჯამური ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს მისი თანამდებობრივი სარგოს წლიური ოდენობის 15%-ს, ხოლო ერთჯერადად მიღებული საჩუქრებისა – 5%-ს.

გიორგი მარგველაშვილის 2016 წლის ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა, რომ მისი წლიური შემოსავალი 82 800 ლარია. ამ თანხის 5 პროცენტი – 4140 ლარია. შესაბამისად, ნაჩუქარი ტრაქტორის ღირებულება დასაშვებ ოდენობას დაახლოებით სამჯერ აღემატება.

კანონის მიხედვით, თუ საჯარო მოსამსახურე საჩუქრის მიღების შემდეგ დაადგენს, რომ მისი ღირებულება აღემატება კანონით დასაშვებ ოდენობას, იგი ვალდებულია 3 სამუშაო დღის ვადაში საჯარო სამსახურის ბიუროს წარუდგინოს ინფორმაცია მიღებული საჩუქრის დასახელების, შეფასებითი, ან ზუსტი ღირებულების / ოდენობის და მჩუქებლის ვინაობის შესახებ, ხოლო აკრძალული საჩუქარი გადასცეს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს.

კანონით დაშვებულია თანამდებობის პირის მიერ დიპლომატიური საჩუქრის მიღება, თუმცა მისი ღირებულება 300 ლარს არ უნდა აღემატებოდეს.