გიორგი მარგველაშვილმა ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან კოდა-ჭვრინისთან ხელოვნური ბარიერების აღმართვის ფაქტები განიხილა
გიორგი მარგველაშვილმა ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან კოდა-ჭვრინისთან ხელოვნური ბარიერების აღმართვის ფაქტები განიხილა

სოფელ კოდა-ჭვრინისის სეგმენტზე ხელოვნური ბარიერების აღმართვის ფაქტები, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მილიტარიზაციის პროცესი, შექმნილი ვითარება და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები განიხილა დღეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან ტოვიო კლაარსთან შეხვედრისას.

პრეზიდენტის სასახლეში შეხვედრაზე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი ესწრებოდნენ საუბარი შეეხო ასევე, საქართველო-რუსეთის ურთიერთობებს, რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს.

საქართველოს პრეზიდენტმა ევროკავშირის წარმომადგენელს შესაბამის საკითხებთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნა, რომ ხელოვნური ბარიერების გავლების პროცესი დაძაბულობის პოტენციურ წყაროდ რჩება და კვლავ მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე და უსაფრთხოების კუთხითაც მნიშვნელოვანი უარყოფითი შედეგები მოაქვს.

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის დავით რაქვიაშვილის განცხადებით, მისასალმებელია ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის გამოცდილება ამ სფეროში, ის უკვე არის საქართველოში ნამუშევარი და საქართველოს მეგობარია.

„პრეზიდენტთან შეხვედრისას საუბარი შეეხო ჟენევის მოლაპარაკებებს. ვისაუბრეთ სულ რამდენიმე დღის წინ რუსეთის ფედერაციის მხრიდან კიდევ ერთხელ განხორციელებულ პროვოკაციულ ქმედებასა და რეგიონალურ გამოწვევებზე და იმ მნიშვნელოვან ნაბიჯებზე, რომლებიც უნდა გადაიდგას, რომ შენარჩუნდეს სტაბილურობა და მოხდეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლების უზრუნველყოფა”, – განაცხადა დავით რაქვიაშვილმა.

ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის განცხადებით, პრეზიდენტთან ძალიან საინტერესო შეხვედრაგაიმართა, რომელზეც განიხილებოდა კონფლიქტები, საქართველოს ხელისუფლებაში არსებული მდგომარეობა და სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთშიარსებული ვითარება. ასევე განვიხილეთ, რის გაკეთება შეუძლია ევროკავშირს და, კონკრეტულად, ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს, რათა იმუშაოს ორივე მხარესთან გადაწყვეტილებათა მოძიებისთვის.

„გვქონდა ძალიან ნაყოფიერი და კონსტრუქციული საუბარი ამ თემაზე და მოუთმენლად ველი ჩემს შემდეგ შეხვედრებს მომავალ კვირაში, სადაც განვიხილავთ ყველა ადამიანის საკეთილდღეოდ პროცესების წინსვლისთვის საჭირო გზებს”, – განაცხადა ტოვიო კლაარმა.