გიორგი მარგველაშვილმა პოლონეთის, ლიეტუვისა და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრები და უკრაინის ვიცე-პრემიერ მინისტრი მიიღო
გიორგი მარგველაშვილმა პოლონეთის, ლიეტუვისა და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრები და უკრაინის ვიცე-პრემიერ მინისტრი მიიღო

საქართველოს პრეზიდენტმა პოლონეთის, ლიეტუვისა და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრები და უკრაინის ვიცე-პრემიერ მინისტრი მიიღო.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით თბილისში ვიზიტით მყოფ პოლონეთის, ლიეტუვის და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრებსა და უკრაინის ვიცე-პრემიერ მინისტრს შეხვდა.

პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებს იმ მტკიცე და ურყევი მხარდაჭერისთვის, რომელიც მათ 10 წლის წინ რუსული აგრესიის დროს, არაღიარების პოლიტიკის განმტკიცების პროცესსა და საქართველოს სუვერენიტეტის დაცვაში გამოიჩინეს.

პრეზიდენტმა განსაკუთრებული ხაზი გაუსვა იმ სპეციალური კომუნიკეს მნიშვნელობასაც, რომელიც ლატვიამ, ლიეტუვამ, პოლონეთმა და უკრაინამ რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიიდან 10 წლისთავზე მიიღო.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ ოთხი ქვეყანა უპირობოდ და უცვლელად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
მაღალი რანგის სტუმრებთან გიორგი მარგველაშვილმა საქართველოსა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები, ოკუპირებულ ტერიტორიაზე შექმნილი ვითარებაც განიხილა, რასაც დღეს ოთხი ქვეყნის დელეგაციის ხელმძღვანელი ადგილზე გაეცნო.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი,საგარეო საქმეთა მინისტრი, პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში, უშიშროების საბჭოს მდივანი.