გიორგი მარგველაშვილმა ლიტვის პრემიერთან ევროკავშირისა და ნატო-ს ფორმატებში თანამშრომლობის საკითხები განიხილა
გიორგი მარგველაშვილმა ლიტვის პრემიერთან ევროკავშირისა და ნატო-ს ფორმატებში თანამშრომლობის საკითხები განიხილა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ლიტვის პრემიერმინისტრი საულიუს სკვერნელისი მიიღო.

მხარეებმა შეხვედრისას განიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, რუსეთის პოლიტიკა საქართველოს მიმართ, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივები.

საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო მდივნის თენგიზ ფხალაძის განცხადებით, ლიტვა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, შესაბამისად, ლიტვის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე განიხილებოდა ის საკითხები, რომელიც დაკავშირებულია როგორც საქართველო-ლიტვის ორმხრივ ურთიერთობებთან, ასევე მრავალმხრივი თანამშრომლობის ფორმატებთან.

შეხვედრისას ხაზი გაესვა ევროკავშირისა და ნატო-ს ფორმატებში საქართველო – ლიტვის თანამშრომლობას. მხარეებმა განიხილეს ასევე, ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები.

“ჩვენს ქვეყნებს ყველა მიმართულებით აქვთ მზარდი და დადებითი დინამიკა და საუბარი შეეხო იმას, თუ როგორ შეიძლება გაიზარდოს ეს შესაძლებლობები”, – აღნიშნა თენგიზ ფხალაძემ.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ხათუნა სალუქვაძე.