გიორგი მარგველაშვილმა ეუთო-ს გენერალური მდივანი ტომას გრემინგერი მიიღო
გიორგი მარგველაშვილმა ეუთო-ს გენერალური მდივანი ტომას გრემინგერი მიიღო

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ეუთო-ს გენერალურ მდივანთან, ტომას გრემინგერთან გამართა შეხვედრა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ეუთო-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს და ისაუბრეს სამომავლო პერსპექტივებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე, უსაფრთხოების პრობლემატიკასა და ეუთო-ს ჩართულობაზე ამ პროცესებში.

საქართველოს პრეზიდენტმა ეუთო-ს გენერალურ მდივანს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა მიმდინარე პროცესების შესახებ.

საქართველოს პრეზიდენტმა ეუთო-ს გენერალურ მდივანთან ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები, მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების საკითხი და ამ პროცესებში ეუთო-ს ჩართულობის თემები განიხილა.

„მხარეებმა აღნიშნეს, რომ საქართველოს პრობლემატიკა ეუთო-ს დღის წესრიგში მაქსიმალურად უნდა იყოს წარმოჩენილი“, – აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, შეხვედრის დასრულების შემდეგ ტომას გრემინგერმა განაცხადა, რომ ვიზიტის შედეგად კარგად გაეცნო იმ სირთულეებს, რომლებიც საქართველოს წინაშე დგას.

„პირველი, მსურდა, მადლობა გადამეხადა საქართველოს მხარდაჭერისათვის ეუთო-ში მიმდინარე რეფორმებში, ეუთო-ს ოპერაციებსა და ეუთო-ს სტრუქტურული დიალოგში აქტიური ჩართულობისათვის. მინდოდა პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი დარწმუნება, რომ ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის ფარგლებში. ჩამოვედი, რათა აღმოვაჩინო საქართველოს-ეუთო-ს ურთიერთობის უფრო მეტად გაღრმავების, გაძლიერებისა და გაფართოების შესაძლებლობები“, – აღნიშნა ტომას გრემინგერმა.