გიორგი მარგველაშვილი - ჩვენ 2013 წელს პარლამენტის დეკლარაციის მიხედვით შემუშავებული პოლიტიკის ფარგლებში ვმუშაობთ
გიორგი მარგველაშვილი - ჩვენ 2013 წელს პარლამენტის დეკლარაციის მიხედვით შემუშავებული პოლიტიკის ფარგლებში ვმუშაობთ

კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ყველა ამ შეხვედრაზე ჩვენ ვსაუბრობთ იმ სტრატეგიული პოლიტიკის ფარგლებში, რომელიც 2012 წლიდან ხელისუფლებაში ჩვენი მოსვლის შემდეგ ხორციელდება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბრიუსელში რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის პოლიტიკაზე საუბრისას განაცხადა.

„ეს არის სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა. ამდენი წლის განმავლობაში, არ მინახავს ვითარება, სადაც ვინმეს კითხვის ნიშანი დაესვა, რომ სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა არ ვითარდება სწორად ან, რომ ამ პოლიტიკის შორს მიმავალი შედეგი არ დადგება.

ეს პოლიტიკა 2013 წელს პარლამენტის დეკლარაციის მიხედვითაა მიღებული და ჩვენ ვმუშაობთ ამ პოლიტიკის ფარგლებში“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელს სტუმრობს.  ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, პრეზიდენტი შეხვდა  საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის საკითხებში  ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ფედერიკა მოგერინის, რომელთანაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება განიხილა.

გიორგი მარგველაშვილი ბრიუსელში ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერსაც შეხვდა, სადაც მხარეები ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის ახალი, უმაღლესი დონის ფორმატის შექმნაზე შეთანხმდნენ.