გიორგი მარგველაშვილი - ვინც ჩვენს მიწაზე რუსეთის აგრესიის გამართლებას ცდილობს, არის აგრესორის და ისტორიის ბნელ მხარეს
გიორგი მარგველაშვილი - ვინც ჩვენს მიწაზე რუსეთის აგრესიის გამართლებას ცდილობს, არის აგრესორის და ისტორიის ბნელ მხარეს

აშკარაა, ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ რუსეთი თავს დაესხა საქართველოს. არ არსებობს ამის გამართლების ლეგიტიმური მიზეზი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა მაკკეინის ინსტიტუტის ორგანიზებით თბილისში მიმდინარე კონფერენციაზე განაცხადა.​

„მომავალ პრეზიდენტს, ვინც არ უნდა იყოს ის, რადგან მე პატივს ვცემ ამ ქვეყნის პრეზიდენტის ინსტიტუტს, რომლისთვისაც მე ხუთი წლის განმავლობაში ვიბრძოდი, რადგან მე მიწევდა ბრძოლა არამხოლოდ ამ
ინსტიტუტისთვის, არამედ პრეზიდენტის ოფისისთვისაც და მისი პატივისცემისთვის, სასამართლო სისტემისთვის, ეროვნული ბანკისთვის, უშიშროების საბჭოსთვის. სამწუხაროდ, ბევრი ამ ბრძოლებიდან წაგებულია და ბევრი სახელმწიფო ინსტიტუტი, როგორიცაა ეროვნული საბჭო, დათხოვნილია. ვითარება რთულია სასამართლო სისტემაშიც. ეს ინსტიტუტი სუსტდება. მთავარი საკითხი, რომელიც უნდა გაგრძელდეს, საერთო
მიზნის გარშემო გაერთიანებაა, არა ცალმხრივად საუბარი, არამედ რაღაცისთვის გაერთიანებაა. არის რაღაცები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. უპირველეს ყოვლისა, ეს არის ჩვენი პროდასავლური არჩევანი, ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უფლება, თავისუფალი საზოგადოებისა და დემოკრატიის არჩევანი. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ ამ ღირებულებებისთვის, სწორედ ეს აქცევს ერს ერად. ეს არ ნიშნავს, რომ ერთნაირად ვისაუბროთ. ჩვენ უნდა ვისაუბროთ სხვადასხვა საკითხზე, ვიკამათოთ, თუმცა უნდა იყოს საფუძველი, რომელიც გვაერთიანებს. ვფიქრობ, პრეზიდენტის ინსტიტუტმა უნდა გააგრძელოს ეს“, – აღნიშნა მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს მომავალი პრეზიდენტი იქნება გამოწვევის წინაშე, წავიდეს მრავალ დედაქალაქში და დაიცვას ქვეყნის პოზიცია რუსეთთან დაკავშირებით.

„აშკარაა, ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ რუსეთი თავს დაესხა საქართველოს. არ არსებობს ამის გამართლების ლეგიტიმური მიზეზი. ნებისმიერი, ვინც ცდილობს, ჩვენს მიწაზე რუსეთის აგრესიის გამართლებას, არის აგრესორის მხარეს და ისტორიის ბნელ მხარეს. კიდევ ერთი საკითხი – პრეზიდენტი არის მთავარსარდალი და ეს უნდა ახსოვდეს ნებისმიერ პრეზიდენტს. ხალხთან და პოლიტიკოსებთან საუბრისას, თითოეულ შენს კომენტარს ისმენენ სამხედრო მოსამსახურე მამაკაცები და ქალები. ისინი დარწმუნებულები უნდა იყვნენ, რომ შენს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და შენს მიერ გაკეთებული კომენტარები შეესაბამება მათ მიერ გაწეულ სამსახურს, რადგან ისინი თავს სწირავენ ამ ქვეყნის კეთილდღეობისთვის. მათ უნდა იცოდნენ, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეების დასაცავად ხელში იარაღის დაკავებას და აგრესორისთვის ცეცხლის გახსნას არავინ დააყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ“, – აღნიშნა მარგველაშვილმა.