გიორგი მარგველაშვილი - ვეტოს უფლება 10-ჯერ გამოვიყენე, 10-ჯერვე ეს იყო სახელმწიფო ინსტიტუტების დაცვის მექანიზმი
გიორგი მარგველაშვილი - ვეტოს უფლება 10-ჯერ გამოვიყენე, 10-ჯერვე ეს იყო სახელმწიფო ინსტიტუტების დაცვის მექანიზმი

ვეტოს უფლება 10-ჯერ გამოვიყენე და შემიძლია გითხრათ, რომ ფაქტობრივად, 10-ჯერვე ეს იყო სახელმწიფო ინსტიტუტების დაცვის მექანიზმი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ტექნიკურ უნივერსიტეტში შეხვედრაზე განაცხადა.

„ჩვენ ვსაუბრობთ ვეტოებზე, რომელიც განხორციელებული იყო ეროვნული ბანკის დაშლის წინააღმდეგ. რეალურად ვიდექით იმ საშიშროების წინაშე, რომ ეროვნულ ბანკს ხერხავდნენ შუაზე. ვეტო იყო გამოყენებული სასამართლოებთან მიმართებაში. ვეტო იქნა გამოყენებული კონსტიტუციასთან მიმართებაში, რომელმაც ისეთი ცვლილებები შეიტანა ჩვენს სახელმწიფო სტრუქტურებში, რომელსაც ვერავინ ვერ ამიხსნის.

რუსეთთან ფაქტობრივად ომის მდგომარეობაში მყოფმა ქვეყანამ რანაირად შეიძლება გააუქმოს უშიშროების საბჭო და ა.შ. ჩემი ვეტოები იყო მიმართული იმისკენ, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ სახელმწიფო ინსტიტუტები. არ შეიძლება სახელმწიფო თავის ინსტიტუტებს ასე არყევდეს. უნდა გვესმოდეს, რომ სახელმწიფო არის ის ჭურჭელი, ის მანქანა, რომელიც ინარჩუნებს ჩვენს ერს“,- განაცხადა პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილის თქმით, სამწუხაროა, რომ მისი ვეტოები პარლამენტმა დაძლია. ამასთან, პრეზიდენტის განცხადებით, დემოკრატიული კუთხით, ვეტოები ქვეყნის გარეთ პოზიტიურად ჩანდა.

ვეტოები იყო მიმართული იქეთკენ, რომ არ შეგვესუსტებინა სახელმწიფო ინსტიტუტები, შეგვენარჩუნებინა. სამწუხაროდ, ვეტოები დაძლეულ იქნა. ეს ცუდია იმიტომ, რომ ამის გამო ინსტიტუტები შეირყა, მაგრამ ზოგადად რომ შევხედოთ, ვეტოების ფაქტი კარგია, ამ ქვეყნის შიგნით რაღაც ტიპის დემოკრატიაზე მიუთითებდა.

ჩვენ ხომ ვდგევართ იმ რეალობის წინაშე, რომ სოფლის გამგებლიდან დაწყებული, პრეზიდენტით დამთავრებული ერთი პოლიტიკური გუნდის იყოს ყველა და ამას რა ჰქვია, ანუ ქვეყანა სადაც ერთი პოლიტიკური პარტია არის დომინანტი ყველაფერში, ეს ხომ სერიოზული პრობლემაა დემოკრატიისათვის.

აი ეს ვეტოები ქვეყნის გარეთ, სადაც ჩვენს იმიჯზე იყო ლაპარაკი, ჩანდა ძალიან პოზიტიურად იმიტომ, რომ აქ დემოკრატიული პროცესები მიმდინარეობს, აგერ პრეზიდენტი ვეტოს იყენებს ამაზე დებატები მიდის და ა.შ. ასე რომ, ქვეყნისთვის ვეტოები და რიგ შემთხვევებში ჩემი კრიტიკული დამოკიდებულება მმართველი პარტიის მიმართ პოზიტიურად აღიქმებოდა“,- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.