გიორგი მარგველაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევის მიზნით გამართულ კონსულტაციებს სამოქალაქო სექტორთან შეაჯამებს
გიორგი მარგველაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევის მიზნით გამართულ კონსულტაციებს სამოქალაქო სექტორთან შეაჯამებს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევის მიზნით გამართულ კონსულტაციებს დღეს სამოქალაქო სექტორთან დაგეგმილ გაფართოებულ შეხვედრაზე შეაჯამებს.

პრეზიდენტის მრჩევლებმა კანდიდატის შერჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებით ბოლო პერიოდის განმავლობაში შეხვედრები საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან გამართეს. ისინი შეხვდნენ აკადემიურ წრეებსა და ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებს.

საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის, კახა კოჟორიძის ინფორმაციით, დღევანდელ შეხვედრაზე უკვე გამართული კონსულტაციების შეჯამება მოხდება, რის შემდეგაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი დასახელდება.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ბოლო ორი კვირის განმავლობაში საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია აქტიურად აწარმოებდა კონსულტაციებს და შეხვედრებს იურიდიული პროფესიის სხვადასხვა ჯგუფებთან და წარმომადგენლებთან. ჩვენ ამჯერად უკვე ჩავატარებთ გაფართოებულ შეხვედრას პრეზიდენტის მონაწილეობით და მოხდება მთელი ამ შეხვედრების შეჯამება, კიდევ ერთხელ გაანალიზება და საბოლოო გადაწყვეტილების მიღება იმასთან დაკავშირებით, თუ ეს პროცესი რა გზით მიდის და ამის შემდეგ უკვე მოხდება კანდიდატების დასახელებაც“, – აღნიშნა კახა კოჟორიძემ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ თანამდებობა 2 აგვისტოს დატოვა. საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი და ახალი რედაქციები უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის სხვადასხვა პროცედურებს ითვალისწინებს.

დღეს მოქმედი კონსტიტუციით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს პრეზიდენტის წარდგინებით, პარლამენტი არანაკლებ 10 წლის ვადით ირჩევს. კონსტიტუციის იმ რედაქციის გათვალისწინებით კი, რომელიც ძალაში ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ შევა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს 10 წლის ვადით ასევე პარლამენტი ირჩევს, თუმცა უზენაესი სასამართლოს წევრთაგან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით.