გიორგი მარგველაშვილი ტელეკომპანია „იბერიას“ თანამშრომლებს ხვდება
გიორგი მარგველაშვილი ტელეკომპანია „იბერიას“ თანამშრომლებს ხვდება

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ტელეკომპანია „იბერიას“ თანამშრომლებს ხვდება.

შეხვედრის დაწყებამდე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ საქართველოს სჭირდება მრავალფეროვანი და დამოუკიდებელი აზრის მქონე მედია.

„სახელმწიფოს მეთაურს აქვს სურვილი, უშუალოდ შეხვედრის დროს ისაუბრონ ყველაფერზე. გავიმეორებ, რაც არაერთხელ უთქვამს პრეზიდენტს, რომ ამ ქვეყანაში თუ რამე შედგა, ეს არის მეოთხე ხელისუფლება, ანუ ძლიერი მრვალფეროვანი მედია, რომელიც იყო 2012 წლის ცვლილებების შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მონაპოვარი. სამწუხაროდ, არაერთხელ ვნახეთ, რომ ამ მონაპოვარს შეექმნა საფრთხე. ტელეკომპანია „იბერიას“ წარმომადგენლების მხრიდან გავრცელებული განცხადებები ძალიან საყურადღებოა. საქართველოს სჭირდება, რომ შეუფერხებლად ფუნქციონირებდნენ მრავალფეროვანი და დამოუკიდებელი აზრის მქონე მედიასაშუალებები და, ბუნებრივია, ამ შემთხვევას ისევე, როგორც ყველა წინა შემთხვევებს, რომელიც მედიას ეხება, განსაკუთრებული ყურადღებით მოვეკიდებით“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, საზოგადოებაში ვრცელდება გარკვეული აუდიოჩანაწერები, რომელიც ძალიან სერიოზულ კითხვებს აჩენს.

„ქვეყანაში მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსი ცალსახად განსაზღვრავს, რომ ნებისმიერი ინფორმაცია, თუნდაც საჯარო სივრცეში გავრცელებული, რომელიც შესაძლოა, შეიცავდეს დანაშაულის ნიშნებს, არ ნიშნავს, რომ მაინცდამაინც შესაძლო დაზარალებულმა უნდა მიმართოს პროკურატურას. პროკურატურას აქვს ვალდებულება, ავტომატურად დაიწყოს სამართლებრივი პროცედურები, მათ შორის იმის დასადგენად, არის თუ არა ეს ჩანაწერები ავთენტური“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.

როგორც „იბერიის“თანამშრომლებმა შეხვედრამდე განაცხადეს, საქმეში უკვე ჩართულია სახალხო დამცველი. ასევე მათი თქმით, ისინი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსაც შეხვდებიან.