გიორგი მარგველაშვილი - თავისუფალი ვაჭრობა ზრდის და აუმჯობესებს ინვესტიციების მოზიდვის და ეკონომიკის გაძლიერების პერსპექტივებს
თავისუფალი ვაჭრობა კიდევ უფრო ზრდის და აუმჯობესებს ინვესტიციების მოზიდვის და ეკონომიკის გაძლიერების პერსპექტივებს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა და აშშ-სთან თანამშრომლობას გაუსვა ხაზი.
მისი თქმით, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ეფექტური თანამშრომლობა მიმდინარეობს, მათ შორის თავდაცვის სფეროში და არის ძალიან საინტერესო სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტია.
მან აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის საკითხზეც ისაუბრა და ამ კონტექსტში ინვესტორების და მათი ინტერესების დაცვის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
„ასევე, იწყება მოლაპარაკებები და შეიძლება დაიწყოს და სერიოზულად გაღრმავდეს მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის მიმართულებით. ამ თვალსაზრისით, მინდა აღვნიშნო, რომ ინვესტორების და მათი ინტერესების დაცვა საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ეს მოლაპარაკებებიც წარმატებულად გაგრძელდეს და მეტი ინვესტორი შემოვიდეს ჩვენს ქვეყანაში.
საერთოდ, თავისუფალ ვაჭრობას თუ შევხედავთ, ჩვენ აქ შთამბეჭდავი შედეგი გვაქვს, იმიტომ რომ რეალურად ვიწყებდით მაშინ, როგორც ქვეყანა, რომელსაც დაახლოებით 200 მილიონიან ბაზართან ჰქონდა თავისუფალი ვაჭრობა და დღეს საქართველოს 2 მილიარდიან ბაზარზე შეუძლია თავისუფალი ვაჭრობით გაიტანოს თავის პროდუქცია“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
მისი შეფასებით, ეს არის პოზიტიური და წინაპირობა ეკონომიკური ვითარების გაჯანსაღებისა და გამოსწორების.
„იმ სტრატეგიულ ფუნქციასთან ერთად, რომელიც საქართველოს განსაზღვრული ჰქონდა, როგორც ტრანზიტულ ქვეყანას, თავისუფალი ვაჭრობა კიდევ უფრო ზრდის და აუმჯობესებს ინვესტიციების მოზიდვის და ეკონომიკის გაძლიერების პერსპექტივებს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
გიორგი მარგველაშვილის გამოსვლას პარლამენტში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსის, სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.