გიორგი მარგველაშვილი - ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება იყო ის მძიმე საკითხი, რომლის ფონზეც ბრიუსელში წინ გადასადგმელ ნაბიჯებზე ვისაუბრეთ
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ბრიუსელში შეხვედრებზე საუბრები ორი მიმართულებით მიმდინარეობს, პირველი, ეს არის ევროკავშირი და მეორე – ნატო, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბრიუსელში განაცხადა.
მისი თქმით, საქართველომ ევროკავშირთან სექტორალური თანამშრომლობის ახალ ფორმატს მიაღწია, რაც საქართველოსა და ევროკავშირს შორის დიალოგის თვისებრივად ახალ დონეზე აყვანას ნიშნავს.
„ფაქტობრივად, ჩემს კოლეგებს ამომწურავი ინფორმაცია მივაწოდე იმ კითხვის ნიშნებთან დაკავშირებით, რაც არსებობდა სავიზო რეჟიმის დარღვევასთან მიმართებით. ფაქტობრივად, ჩამოყალიბდა ის სამუშაო ურთიერთობა, რომელიც ამ პრობლემას გადალახავს.
ჩვენ ვისაუბრეთ ნატოს-თან მომავალი სამიტის თაობაზე, სადაც საქართველოც იქნება მიწვეული. ამ სამიტზე განიხილავენ და გადაწყვეტენ იმ საკითხებს, რომლებიც გვაინტერესებს, ეს იქნება შავი ზღვის ფორმატი, საქართველოს შემდგომი ინტეგრაცია და საქართველოს როლის აღიარება, რომელიც ნატოსგან არაერთხელ გაგვიგია.
ამ შედეგების პარალელურად, ყველა შეხვედრას, რა თქმა უნდა, მძიმე ფონად გაყვებოდა ის მკვლელობა და მერე ამ მკვლელობის გაგრძელება, ჩვენი მოქალაქეების მიტაცებით, რომლებსაც არ უშვებენ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან, ასევე ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების თემა, ბუნებრივია, იყო მძიმე ფონი, რომლის ფარგლებშიც ვისაუბრეთ წინ გადასადგმელ ნაბიჯებზე“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელს სტუმრობს. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, პრეზიდენტი შეხვდა საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ფედერიკა მოგერინის, რომელთანაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება განიხილა.
გიორგი მარგველაშვილი ბრიუსელში ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერსაც შეხვდა, სადაც მხარეები ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის ახალი, უმაღლესი დონის ფორმატის შექმნაზეშეთანხმდნენ.