გიორგი მარგველაშვილი შვედეთის თავდაცვის მინისტრს შეხვდა 
გიორგი მარგველაშვილი შვედეთის თავდაცვის მინისტრს შეხვდა 

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი შვედეთის თავდაცვის მინისტრს პიტერ ჰულტქვისტს შეხვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას, რომელსაც საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და გენშტაბის უფროსი ვლადიმერ ჩაჩიბაია ესწრებოდნენ, საუბარი რუსეთის ქმედებებს, მის მილიტარისტულ პოლიტიკას და აქედან მომდინარე საფრთხეებს შეეხო.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, ევროპული უსაფრთხოება საქართველოსა და შავი ზღვის უსაფრთხოების გარეშე შეუძლებელია. გაზრდილი მილიტარისტული რიტორიკის ფონზე კი, საქართველოს პარტნიორების მხრიდან მეტი ჩართულობაა აუცილებელი.

მხარეებმა შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის განვითარებისა და ნატო-საქართველოს წვრთნებში შვედეთის მონაწილეობის საკითხზეც იმსჯელეს.

ამასთან, პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, როგორც აღინიშნა, 2008 წელს განვითარებული მოვლენების შედეგია, რომ უფრო მეტი რევიზიონისტული ამბიცია უჩნდება რუსეთს და უკვე გასცდა მისი უახლოესი სამეზობლოს გეოგრაფიულ ფარგლებს.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, იმის მიუხედავად, ხარ თუ არა ნატო-სა და ევროკავშირის წევრი, საერთო ღირებულებებისა და საერთო საფრთხის წინაშე გაერთიანება აუცილებელია.