გიორგი მარგველაშვილი - შეუძლებელია, სახელმწიფო და საზოგადოება შეეგუოს მსგავს ვითარებას სამუშაო ადგილებზე
გიორგი მარგველაშვილი - შეუძლებელია, სახელმწიფო და საზოგადოება შეეგუოს მსგავს ვითარებას სამუშაო ადგილებზე

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ტყიბულში, მინდელის შახტაში მომხდარი ტრაგედიის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.

„ამ მძიმე წუთებში, თანადგომას ვუცხადებ შახტაში მომუშავეთა ოჯახების წევრებსა და ახლობლებს. ტყიბულში დღეს დატრიალებული უბედურება ცხადყოფს იმას, რომ შრომის უსაფრთხოების მიმართულებით არსებული მდგომარეობა დრამატულად მძიმე და მიუღებელია. შეუძლებელია, რომ სახელმწიფო და საზოგადოება შეეგუოს მსგავს ვითარებას სამუშაო ადგილებზე. საჭიროა მთელი საზოგადოების, მათ შორის, დამსაქმებელთა და ცხადია, პირველ რიგში ხელისუფლების ძალისხმევა მივმართოთ შრომის უსაფრთხოების წესების აღსრულების უმკაცრესი კონტროლისაკენ. ვინაიდან ეს აღარ არის მხოლოდ დასაქმებულთა უსაფრთხოების, არამედ ეს გახლავთ სიკვდილ-სიცოცხლის თემა“,- ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში.

​ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში დღეს გამთენიისას უბედურ შემთხვევას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია სამი მეშახტე.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.