გიორგი მარგველაშვილი - სერიოზული დარტყმა იყო მოსახლეობისათვის პროცესები, რაც მიმდინარეობდა საბანკო სესხებთან მიმართებაში
გიორგი მარგველაშვილი - სერიოზული დარტყმა იყო მოსახლეობისათვის პროცესები, რაც მიმდინარეობდა საბანკო სესხებთან მიმართებაში

2020-ის მიზანი სოციალური თანასწორობის მიმართულებით, სამწუხაროდ, ვერ იქნა მიღწეული და შეიძლება ითქვას, რომ მაღალია ეკონომიკური უთანასწორობა ჩვენს საზოგადოებაში, ეს ფაქტია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში გამოსვლის დროს განაცხადა.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, უთანასწორობის ფონზე, სერიოზული დარტყმა იყო მოსახლეობისათვის ის პროცესები, რაც მიმდინარეობდა საბანკო სესხებთან მიმართებაში.

„აქვე მინდა, მადლობა ვუთხრა ეროვნულ ბანკს, რომელიც ყველა ღონეს ხმარობს, რათა ამ მიმართულებით სტაბილური და განჭვრეტადი იყოს ვითარება. მცირე და საშუალო ბიზნესი ჯერ კიდევ ძალიან მცირე მოცულობისაა ჩვენს ქვეყანაში და ჯერ კიდევ დიდი ბიზნესის ჩრდილშია. მაგრამ მთავარი შემკვრელი ამ პრობლემატიკის არის დასაქმება”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, დღეს ქვეყანაში, მოსახლეობა უმუშევრობის პრობლემის წინაშე დგას.

„არ მინდა მე სტატისტიკურ დებატებში შესვლა – რამდენი უმუშევარი და რამდენი დასაქმებულია, მაშინ როცა სტატისტიკა აი ასეთ მაგალითად განსაზღვრებას ეფუძნება, რომ წინა შვიდი დღის განმავლობაში სულ მცირე ერთი საათით მაინც მუშაობდა შემოსავლის მიღების მიზნით, ეხმარებოდა უსასყიდლოდ, ან ფორმალურად ირიცხებოდა მომუშავედ. აი ამ ფორმულიდან გამომდინარე დგინდება თურმე უმუშევრობა საქართველოში. ჩემი მეგობარი ზურაბ ჟვანია ამბობდა ხოლმე, რომ ყველაზე კარგი სტატისტიკა მაცივარია. გამოაღებ მაცივარს ოჯახში და მიხვდები, როგორი ეკონომიკური მდგომარეობაა. დღეს ჩვენ გვაქვს ისეთი მდგომარეობა დასაქმების თვალსაზრისით, რომ ჩვენი მოქალაქეები მზად არიან, რეალურად სიცოცხლის მოსპობის რისკის მიუხედავად, არ დაკარგონ სამსახური და ყოველდღე გადიან სამსახურში, სადაც სიკვდილი ემუქრება. აქ მე არ ვლაპარაკობ შრომის უსაფრთხოებაზე და იმ მდგომარეობაზე, რომელიც არის დასაქმების თვალსაზრისით”, – განაცხადა მარგველაშვილმა.