გიორგი მარგველაშვილი - საზოგადოება სწორ გზას „წინანდლის პრემიის“ მსგავსი პროექტებით პოულობს
გიორგი მარგველაშვილი - საზოგადოება სწორ გზას „წინანდლის პრემიის“ მსგავსი პროექტებით პოულობს

საქართველოს პრეზიდენტმა „2017 წლის წინანდლის პრემიის“ დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც თბილისის კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართა.

„წინანდლის პრემია“, საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ხელშეწყობით, 2014 წელს აღდგა და უკვე მეოთხე წელია მისი პატრონაჟით და ზურაბ ჟვანიას სახელობის ფონდის მხარდაჭერით იმართება.

ახალგაზრდა შემოქმედებისთვის პრემიის დაწესების იდეა 1998 წელს წინანდალში გაჩნდა. პროექტს თავიდანვე აქტიურად დაუჭირა მხარი პარლამენტის მაშინდელმა თავმჯდომარემ, ზურაბ ჟვანიამ, რომლის პატრონაჟით ხორციელდებოდა „წინანდლის პრემია“.

სწორედ ზურაბ ჟვანიას გახსენებით დაიწყო საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დაჯილდოების ცერემონიაზე მისასალმებელი სიტყვა და პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„შეიძლება, ბევრმა ვიცით, რა არის სწორი ღირებულებები, რა არის მნიშვნელოვანი, მაგრამ ეს ყველაფერი გადაიტანო პოლიტიკაში, გქონდეს ის რესურსი, როგორც პოლიტიკური, ასევე ორგანიზაციული და პირადი კონტაქტები, რათა სწორი ღირებულებებით შექმნა საზოგადოებრივ-პოლიტიკური დინამიკა…. სწორედ ეს ჰქონდა ზურა ჟვანიას. ეს, ძალიან მნიშვნელოვანწილად, ჩემთვის მის მასშტაბურობასთან არის დაკავშირებული. ძალიან რთულ დროს, ზურა ჟვანია ხედავდა სხვა რეალობას, სხვა საქართველოს, რომლის ყოველდღიურობაში განხორციელება მას უნდოდა და ამას ხშირად, აი ასეთი მნიშვნელოვანი წამოწყებებით ახერხებდა. ეს მასშტაბურობა ნამდვილად ძალიან მაკლია მე დღეს, მისი არყოფნის დროს.

ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ ბევრი პრობლემის წინაშე მდგარი საზოგადოება, საზოგადოება, რომელშიც მოჭარბებულია ხშირად აგრესია, ცინიზმი, საზოგადოება, რომელიც ხშირად გამოსავალს უფრო ასეთ ეფემერულ ნაბიჯებში ხედავს, სწორედ ასეთი პროცესების შედეგად, სწორ გზას პოულობს თავისი თავის განხორციელების. ეს არის ადგილი, სადაც ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდები ახორციელებენ იმას, რაც შეიძლება იყოს ადამიანის დანიშნულება, შემოქმედება“,- აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ნინო ჟვანიას პროექტის განხორციელებისა და ახალგაზრდების წახალისებისათვის, რომლებიც, პრეზიდენტის თქმით, ქვეყნის მომავლის მშენებლობაში გადამწყვეტ როლს ასრულებენ.

„წინანდლის პრემია“ ემსახურება თანამედროვე ხელოვნებასა და მეცნიერებაში არსებულ მიღწევათა პოპულარიზაციას და ხელს უწყობს ახალგაზრდა, ნიჭიერ და პერსპექტიულ შემოქმედთა შესაძლებლობების რეალიზებას. წინანდლის პრემია ენიჭებათ 18-30 წლის ახალგაზრდა მეცნიერებსა და ხელოვანებს წლის განმავლობაში განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტებისათვის შემდეგ ნომინაციებში: თეატრალური ხელოვნება, კინოხელოვნება, მხატვრული ლიტერატურა (პროზა, პოეზია), მუსიკა, ჰუმანიტარული მეცნიერებები, სახვითი ხელოვნება და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები.

2017 წლის წინანდლის პრემიის მოსაპოვებლად კონკურსი 2017 წლის 16 ოქტომბრიდან 17 ნოემბრამდე მიმდინარეობდა. წინანდლის პრემიის ლაურეატები დაჯილდოვდნენ დიპლომებით, სხვადასხვა პრიზებითა და ფულადი პრემიით.